პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთში ელექტროენერგიის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის China Huadian Corporation - ის ხელმძღვანელებს შეხვდა – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია. მისი თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება როგორც გენერაციის ობიექტების რაოდენობა და დადგმული სიმძლავრე, ისე გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის სექტორის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ამდენად, მთავრობა დაინტერესებულია, როგორც მდგრადი ენერგეტიკის განვითარებით, ასევე დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოში იგეგმება და ამ პროცესში ჩინური კორპორაციის მოწვევის შესაძლებლობაზე.

აღინიშნა, რომ China Huadian Corporation ჩინეთში ლიდერია ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკისა და ბიომასის ენერგიის პროექტების მზარდი პორტფელით. კომპანია აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ითქვა ისიც, რომ ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია, ინვესტორება განახორციელოს ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების გზით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და  საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.