„ავტომობილებზე მოთხოვნა საკმაოდ არის შემცირებული. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ვისზეც ჩვენ ვყიდით და სადაც რეექსპორტზე გადის, უკვე თვითონ ვაჭრობენ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორმა ჯაბა გოგინაშვილმა განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მოთხოვნის შემცირების პარალელურად იკლო ფასმაც.

„რეექსპორტის სტატისტიკა შესაძლოა, არ იყოს დიდად შემცირებული, მაგრამ მოთხოვნა შემცირებულია. ფასებიც შემცირებულია იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი გაჯერებულია, მაგრამ გარდა ჭარბი მიწოდებისა, ფასს ადგენს მყიდველი,“ - აღნიშნავს ჯაბა გოგინაშვილი.

იმპორტიორები დიდი ხანია საუბრობენ დარგში კონკურენციის კუთხით არსებულ პრობლემებზე და ყურადღებას ამახვილებენ ყაზახი და ყირგიზი ავტოდილერების ფაქტორზე. კონკურენციის გამოწვევასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გაიმართა ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენთან.

„შეიძლება არსებობდეს ასეთი შეხედულება, რომ ვაჭრობაა და ვინც იაფად იყიდის ამერიკაში ან ევროპაში, ის იაფად გაყიდის, მაგრამ ჩვენ კონკურენციაში ვერ შევდივართ მათთან. ჩვენ ავტომობილებს ვყიდულობთ იმ გათვლით, რომ 80-90% რეექსპორტზე გავა და რა ფასსაც იხდიდნენ, იმ ფასში ვყიდულობდით.

ახლა მოხდა ასეთი რაღაც, რომ ყაზახი და ყირგიზი დილერები ჩამოვიდნენ ძალიან ბევრნი, აქ გახსნეს ოფისები, აუქციონზე ყიდულობენ მანქანებს, აკეთებენ და გაჰყავთ თავად. ამ ჯაჭვიდან ქართველი დილერი ამოვარდა. პლუს მათ შეუძლიათ, რომ აუქციონზე ქართული დროშით ჩვენზე დიდი ფასი გადაიხადონ, შემდეგ აქ დადიან ბაზრობაზე, იყიდიან იაფად ან თავის ფასში, ან საღამოს ისევ აუქციონზე ყიდულობენ.

კონკურენციაში დიდად ვეღარ მივყვებით. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა გაგვიმართლოს და ძალიან იაფად უნდა ვიყიდოთ აუქციონზე, რომ რაღაც თანხა გამოვუმუშაოთ, რაც აუქციონის სისტემიდან გამომდინარე შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად სტანდარტულ ან სტანდარტულზე ძვირ ფასებში იყიდება ავტომობილები“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ჯაბა გოგინაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე გავიდა 12 238 ერთეული ავტომობილი, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 12 373 ერთეული.

ექსპორტი მოცულობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. კერძოდ, წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა 285.2 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 262.5 მლნ დოლარის.

2025 წლის საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა საშუალოდ 23 303 დოლარი შეადგინა, წინა წლის იმავე პერიოდში ფასი 21 222 დოლარი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე წინა წელს. (შენიშვნა: ფასი მარკისა და წლოვანების მიხედვით, შესაძლოა გაცილებით მეტი ან ნაკლები იყოს, ვიდრე საშუალო ღირებულებაა).

www.bpn.ge