ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს:

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ".

ამერიკის დიპლომატიური უწყება, ასევე აღნიშნავს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია."

სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის გამო გახდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.

14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით," - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

amerikiskhhma.ge