„ის ცარიელი სივრცე, რომელიც ქვეყნიდან წასულმა მუშახელმა შექმნა, უცხოელებმა დაიკავეს, ძირითადად, აზიური ქვეყნებიდან” - ამის შესახებ კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა „ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.
მისი თქმით, ის რომ, უცხოელების დასაქმების კუთხით, სამშენებლო სექტორში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, გასაკვირი არ არის, რადგან დაბალი რანგის კადრები ქვეყნიდან გაედინებიან.
ცნობისთვის, PMCG კვლევის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების 7%-ს, ჯამში 3 332 კომპანიას ჰყავდა დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული იყო უცხო ქვეყნის 18 935 მოქალაქე. რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი უცხოელია დასაქმებული, პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 38%-ით, რომელსაც მოსდევს მშენებლობის დარგი 14%-ით.
„უცხოელების დასაქმებაში ის ნაწილია ძალიან საინტერესო, რა ტიპის საკადრო მოთხოვნებზე არის საუბარი. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არაფერია განსაკუთრებული კვალიფიციური მოთხოვნები და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობებიც არ გვაქვს. აქ საუბარია, ყველაზე უფრო დაბალი რანგის მუშახელზე, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ განსწავლულობას და კვალიფიკაციას. საბოლოო ჯამში, ბაზარზე ის ცარიელი სივრცე, რომელიც ქვეყნიდან წასულმა მუშახელმა შექმნა, უცხოელებმა დაიკავეს. ადგილობრივი კადრების გასვლის მიზეზი კი ბევრი იყო, მათ შორის, ყველაზე მთავარი ის, რომ მათი შემოსავლები ქვეყანაში გაძვირებულ ფასებს ვერ ეწეოდა. მეტიც, სრულიად შეუსაბამო იყო ფასებთან და არც ბიზნესს ჰქონდა იმის საშუალება, რომ მეტი გადაეხადა. საბოლოო ჯამში კი, ეს სიცარიელე მეტ-ნაკლებად შეავსეს შემოსულმა მიგრანტებმა, ძირითადად, აზიური ქვეყნებიდან. ესენი არ არიან არც რუსები, არც უკრაინელები, არც ევროპული ქვეყნიდან შემოსული ადამიანები. ესენი არიან ძირითადად, პაკისტანელები, ინდოელები… ეკონომიკურად ყველაზე უფრო მოწყვლადი და გაჭირვებული ქვეყნების მოქალაქეები. ამით ხარისხი არანაირად არ გაუმჯობესებულა, პირიქით, მუშახელის გამოცდილების და კვალიფიკაციის კუთხით, გაუარესება გვაქვს.
თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უვიზო მიმოსვლა გაიხსნა მთელ რიგ ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, საქართველო შედარებით უფრო უკეთესად გამოიყურება. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ სამშენებლო სექტორს, იგივეა "დელივერში", მომსახურებაში და ა.შ.” - ამბობს მალხაზ კუნელაური.
მისი თქმით, არსებული ვითარება არც ბიზნესისთვის არის სასურველი, რადგან უცხოელების უნარ-ჩვევები არ არის მოთხოვნების შესაბამისი.
„მათ ენობრივი ბარიერიც აქვთ და ზოგადად, ქართულ სოციალურ-სამართლებრივ სივრცესთან ნაკლებად ადაპტირებულნი არიან, ამიტომ პრობლემები უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. ამ დროს ბიზნესისაც მესმის, იმიტომ, რომ ფიზიკურად ის მუშახელი, რომელიც აუცილებელია კომპანიისთვის, ქვეყნიდან გაედინება”, - ამბობს მალხაზ კუნელაური.