TBC Capital-ის თანახმად, ქვეყანაში ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით. ამის შესახებ მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული. პუბლიკაციის თანახმად, სამომხმარებლო ფასების დინამიკაში გასული თვეების ტენდენციები მეტწილად ნარჩუნდება. ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა TBC Capital აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია.
,,გასული თვეების ტენდენციები მეტწილად ნარჩუნდება სამომხმარებლო ფასების დინამიკაშიც. ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4.0%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სურსათი რჩება, მაგრამ ივნისში შედარებით მაღალი იყო მომსახურების ინფლაციაც. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში ამოიწურება ინტერნეტის გადასახადის კლების ეფექტიც, რომელიც ჯამურ ინფლაციას დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი კატეგორიების უმეტესობაში ფიქსირდება და არაა განპირობებული რომელიმე ცალკეული საქონლისა თუ მომსახურების გაძვირებით. ამასთან, შერეული წარმოების საქონლის ინფლაცია ივნისში 7.2%-ია, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ინფლაცია - 5.2%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. შესაბამისად, რომ არა იმპორტული კატეგორიის დაახლოებით 2%-იანი დეფლაცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობის გლობალურად გაიაფებას შეაქვს, სამომხმარებლო ფასების ზრდა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნებოდა. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით, ეს კი, მათ შორის, ივნისში გაზრდილ მომსახურების ინფლაციაში აისახა, რაც გასაკვირი არ არის, ეკონომიკურ აქტივობასთან ისტორიულად ყველაზე მაღალი კორელაციის გათვალისწინებით.“- აღნიშნულია პუბლიკაციაში.