"საქართველოს საშუალო და გრძელვადიანი განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, ვგულისხმობ, ევროკავშირა, აშშ-ს. შესაბამისად, მათთან მჭიდრო თანამშრომლობისა და  პარტნიორობის გარეშე მომდევნო წლებში, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენ გაგვიჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება,თუმცა, შესაძლებელია მოხდეს ამერიკული და ევროპული კაპიტალის აზიურით ჩანაცვლება" - ამის შესახებ  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

"ეკონომიკა არ ასხვავებს, პირობითად, ეს ფინანსური ნაკადი ევროკავშირიდან მოდის თუ ჩინეთიდან, ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნიდან. ანუ, შესაძლებელია გადაავსოს ერთი მეორემ და ეკონომიკურ კონტექსტში დანაკლისი არ ვიგრძნოთ. ეს არც სამუშაო ადგილებს დაეტყოს, არც ინვესტიციებს, არც საგარეო ვაჭრობას,"-აცხადებს ჭარაია.

რაც შეეხება იმას, თუ ბიზნესი რამდენად სწრაფად მოახდენს ამგვარ გადაწყობას, ჭარაია აღნიშნავს, რომ  ყველა რეგიონს და ქვეყანას თავისი ხედვა აქვს, შესაბამისად, ისინი თავისი პოზიციიდან აფასებენ და მოქმედებენ.

"მე მაინც იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ ფინანსური კაპიტალი შესაძლოა გადაივსოს სხვა რომელიმე მოთამაშის მხრიდან მაშინ, როდესაც შესაძლოა ევროკავშირი და აშშ თავს იკავებდნენ გარკვეული კითხით. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი და აშშ ისევ დაუბრუნდება თანამშრომლობის იმ ფორმატს, რომელიც იყო. ასევე ეს ყველაფერი უფრო მაღალ საფეხურზე ავა. რა თქმა უნდა, ამას დიდი შრომა  და ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით  საპროტესტო აქციებს ეკონომიკაზე ამ წუთისთვის რაიმე გარდამტეხი გავლენა არ მოუხდენია,თუმცა, შესაძლოა ამ წუთისთვის მყისიერი გავლენა ვერ მოახდინა და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ევროპული გზა იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, თუ როგორი იქნება შემდგომი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები  "-აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

კითხვაზე, იქონია თუ არა საპროტესტო აქციებმა ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე გავლენა, ჭარაია აღნიშნავს, რომ თუ "გვინდა, რომ ყველა ბიზნესი იყოს სოლიდარული ერთი აზრის გარშემო და ყველა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული. ამასთან ერთად,  რა თქმა უნდა მათი ნაწილი შეიძლება ოპოზიციურად იყოს განწყობილი, მეორე ნაწილი -სამთავრობო ხედვის მომხრე იყოს, ზოგი  შესაძლოა არცერთს და არც მეორეს არ აღიარებდეს, სხვა ხედვა ჰქონდეს. ეს ბუნებრივია  და ამაში მე არავითარ საშიშროებას არ ვხედავ. ბიზნესი თუ დაინახავს, რომ ქვეყანა წინ მიდის და აქვს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, ის რა თქმა უნდა განავითარებს თავის ბიზნესსაც. შესაძლოა, კონკრეტულმა ბიზნესმენმა გარკვეული რადიკალური მოქმედება განახორციელოს და გაიტანოს თავისი კაპიტალი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, შესაძლოა ასეც მოხდეს. თუმცა, ეს იშვიათად ხდება როცა ქვეყანაში არის ეკონომიკური პროგრესი. შესაბამისად, არ მივანიჭებდი მნიშვნელობას, რომ შესაძლოა კონკრეტულ ბიზნესმენს არ მოსწონდეს ხელისუფლების პოზიცია, ეს მათი პირადი პოზიციაა. იმასაც გავუსვათ ხაზი, რომ ათიათასობით ბიზნესია აქტიური და იქიდან თუ რამდენიმე ასეული ან თუნდაც რამდენიმე ათასი გამოხატავს ღია პოზიციას, რომ ის არ ემხრობა ხელისუფლების პოზიციას, კიდევ არის რამდენიმე ათასი, რომელიც თავისი მოქმედებით ამბობს, რომ მას არ აქვს ოპოზიციური განწყობა,"-აცხადებს ჭარაია.

მისივე ვარაუდით, თუ პროცესები არასტაბილურობისკენ წავიდა და მნიშვნელოვანი რყევები მოხდა ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა ლარის კურსსაც დაეტყობა, ხელფასებზეც აისახება და ნებისმიერ პარამეტრზე იქონიებს გავლენას.

"თუმცა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ყველა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მის ხედვას  ელოდება, რომელიც დიდწილად იქნება განმსაზღვრელი საქართველოს შემდგომი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვექტორის. შესააბამისად, ამ მოვლენის განვითარებას რომ დაველოდოთ, ღირს,"- აცხადებს ვახტანგ ჭარაია. 

bp.ge