Galt & Taggart-მა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მაისის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა 0.05 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე. კომერსანტთან საუბრისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის არსებული ტენდენცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გენერაციის ობიექტების განვითარებასთან ერთად ელექტროგადამცემი ქსელების განვითარება, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, ასევე ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიების განვითარება.
„Galt & Taggart-ის ბოლო მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის მაისი, რომელიც ტრადიციულად საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო თვეა, წელს განსხვავებული აღმოჩნდა - შემცირდა ექსპორტი, შეიზღუდა გენერაცია და გაჩნდა ენერგიის სიჭარბის გამოწვევაც.
ამ კვლევის მონაცემებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ენერგოსისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ეს ნამდვილად საყურადღებო სიგნალია. მაისში რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს - წყალუხვობის პერიოდი, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ძალიან დაბალი ფასები და შეზღუდული საექსპორტო შესაძლებლობები. შედეგად, სისტემაში ბალანსის შესანარჩუნებლად გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო.
ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გენერაციის ახალი ობიექტების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერება, ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიების განვითარება, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნა. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც მომავალში ენერგოსისტემას მეტ მოქნილობასა და მდგრადობას შესძენს“. - განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.
კითხვაზე ასეთ პირობებში რამდენად მნიშვნელოვანია ჰიდრო, მზისა და ქარის ენერგიის ერთმანეთთან დაბალანსებული განვითარება, მაია მელიქიძე ამბობს, რომ გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის საქართველოს სჭირდება როგორც ჰიდროს, ისე მზისა და ქარის ენერგიის განვითარება.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთი ტექნოლოგიით შეუძლებელია. ჰიდროენერგია, მზე და ქარი ერთმანეთის შემცვლელები არ არიან. პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ და სწორედ მათი სწორი კომბინაცია ქმნის უფრო ძლიერ და საიმედო ენერგოსისტემას.
ენერგოსისტემის მთავარი ამოცანა კი ნებისმიერ დროს მისი უსაფრთხო და სტაბილური მუშაობაა. როგორც აღვნიშნეთ, არის პერიოდები, მაგალითად გაზაფხულზე, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ დროებით შეიძლება გადააჭარბოს მოხმარებას. ასეთ დროს სისტემის ოპერატორი მოქმედებს ტექნიკური წესებისა და ენერგოსისტემის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, რათა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის რომელიმე ტექნოლოგიის შეფასება ან ერთისთვის უპირატესობის მინიჭება - ეს არის ოპერაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში სისტემის საჭიროებიდან გამომდინარეობს.
ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სამივე მიმართულების განვითარება, ისევე როგორც ენერგიის დაგროვების სისტემები, თანამედროვე ელექტროგადამცემი ქსელი და კარგად განვითარებული ბაზარი. მხოლოდ ამ კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი და შევქმნათ უფრო ძლიერი, საიმედო და მდგრადი ენერგოსისტემა“.- განაცხადა მაია მელიქიძემ.