„გლობალურად USAID-ის საქმიანობის შეჩერება ცუდად დაემთხვა საქართველოში მიმდინარე პროცესებს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

„USAID -ის პროგრამების დაფინანსების შეჩერებას უკვე ქონდა გავლენა - უკანასკნელი 6 თვის შედეგებიდან გამომდინარე USAID-ს მთავრობასთან თანამშრომლობა შეწყვეტილი ჰქონდა. მათგან ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა ფაქტიურად გაჩერებული იყო. ამან კი, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად დაარტყა სამოქალაქო საზოგადოებას.

მას შემდეგ რაც რუსული კანონის ინიცირება პირველად მოხდა, სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მხარდამჭერი USAID-ი იყო და დღეს USAID-ის საქმიანობის შეჩერება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, ყველაზე მეტად ურტყამს სწორედ სამოქალაქო სექტორს, აქტივიზმს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უკანასკნელი შემაკავებელია, რომ ძალიან ხისტი დიქტატურის რეჟიმი არ მივიღოთ.

გლობალურად USAID-ის საქმიანობის შეჩერება ცუდად დაემთხვა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედი მაქვს სამოქალაქო საზოგადოება ამ დარტყმასაც გაუძლებს,“ - აღნიშნა ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს.

www.bpn.ge