„გლეხისთვის ვენახის მოვლა-მოყვანის ხარჯები ყოველწლიურად იმატებს და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაც იზრდება, ამიტომაც, სულ უფრო მეტი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ ამ საქმეში დარჩნენ და სულ უფრო და უფრო უჭირთ“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ ფერმერმა, თემურ კიკალიშვილმა, განაცხადა.
როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილების მიხედვით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. როგორც შესაბამის დოკუმენტშია აღნიშნული, ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასად ჩაიბარებს.
„სუბსიდირების შეწყვეტას უშუალოდ ფერმერებზე არავითარი გავლენა არ ექნება, რადგან სუბსიდირების თანხა ჩვენამდე პირდაპირ ისედაც არ მოდიოდა. ეს შეეხება დიდ კომპანიებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ყურძენს ყიდულობდნენ და ამაში სახელმწიფო შესაბამისი დაფინანსებით ეხმარებოდა. ამიერიდან კი მათ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ და სხვაობა სწორედ ეს იქნება.
გლეხისთვის, რომელსაც ყურძენი მოჰყავს, ხარჯები ყოველწლიურად იმატებს და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაც იზრდება, ამიტომაც, სულ უფრო მეტი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ ამ საქმეში დარჩნენ და ეს სულ უფრო და უფრო უჭირთ.
რაც შეეხება სახელმწიფოს განცხადებას, რომ სუბსიდირებით შეწყვეტით მევენახეებისა და მეღვინეების მოტივაცია გაიზრდება, რათა ხარისხიანი ყურძენი აწარმოონ, ლამაზად მოწოდებული წინადადებაა, რომელსაც რეალობასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. რეალურად თუ შევხედავთ, მათ დიდ ნაწილს დღემდეც უჭირდა და ამ მხრივაც არაფერი შეიცვლება, ვენახის მოვლა კვლავ რთულ და წამგებიან მიმართულებად რჩება.
საერთოდაც, სახელმწიფო ფასს არ უნდა ადგენდეს, ამას ბაზარი უნდა აკეთებდეს და თუკი სისტემა გამართულად იმუშავებს, ასეც მოხდება, მაგრამ ჩვენთან სხვანაირადაა. პრობლემა ზუსტადაც საერთო სისტემის არარსებობა და არაეფექტიანად აწყობილი სტრუქტურაა, რაც ამ სფეროში ჩართულ დაბალ ფენაზე განსაკუთრებულად მტკივნეულად მოქმედებს. უფრო მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა, გლეხის ხელშეწყობა სახელმწიფოს ინტერესში არ შედის.
ერთ-ერთი გამოსავალი ისაა, რომ ფალსიფიცირებასა და ყურძნის „გაბევრების“ პრობლემას ებრძოლონ. ხალხი შაქარს და სხვადასხვა ნივთიერებას რომ ურევს ყურძენს, ასე შეიძლება?! თუკი ამ ყველაფერს რეალურ ბრძოლას გამოუცხადებ, შედეგად მივიღებთ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას და გლეხისა თუ კომპანიების ინტერესი იქნება, ხარისხიანი ყურძენი მოიყვანონ და ხარისხიანი ღვინო დაამზადონ.
ყოველწლიურად ტონობით დაზიანებულ და დაავადებულ ყურძენს იბარებენ, მაგრამ სპირტს მაინც უცხოეთში ვყიდულობთ და იქიდან შემოგვაქვს, როცა შეგვიძლია, რომ საკუთარი მოთხოვნები ჩვენით დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს კიკალიშვილი.
მთავრობის განკარგულების თანახმად, სუბსიდიის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1,50 ლარი იქნება, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების ყურძნის- 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს - 1,00 ლარი, ხოლო დაზიანებულ-დაავადებული ყურძნის - 1,00 ლარი.
„დაზიანებული და დაავადებული ყურძნის შემთხვევაში, ადეკვატური ფასია, რაც შეეხება საღვინე ჯიშებს, არ შეიძლება, რომ მათ ასეთ ფასად იბარებდე. მაგალითად, საფერავისთვის ეს თვითღირებულებაა და გლეხმა მხოლოდ ენთუზიაზმზე უნდა იშრომოს?! ამ კუთხითაც უფრო მოქნილი და სამართლიანი სისტემაა საჭირო“, - აღნიშნა კიკალიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.