ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, 5 ივლისიდან, თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება.

თბილისიდან ნიცაში ფრენები ყოველკვირეულად ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება, გაფრენის დრო ადგილობრივი დროით 11:00 საათია. ვინაიდან ავიაკომპანია ახორციელებს ყოველდღიური დილის ფრენებს მოსკოვიდან თბილისში (ჩამოსვლის დროით 09:50), ტრანზიტული ფრენები მოსკოვიდან ნიცაში ტრანსფერით საქართველოს დედაქალაქის გავლითაა ხელმისაწვდომი. ბილეთები დაახლოებით $535-ი ღირს, წერს რუსული პრესა.

ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს სატრანზიტო ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ-ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მეორე განკარგულებით მან რუსული ავიახაზების საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა. რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა ფრენები 19 მაისს დაიწყო, 20 მაისს კი მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი Georgian Airways-მა შეასრულა.