„უკრაინის ხელისუფლების მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვის  სანქციების დაწესება ცალსახად მიუღებელია“, - ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით ეს „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“ იყო იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში.

„სამწუხაროა. უნდა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, Georgian Airways-ისთვის  სანქციების დაწესება ცალსახად მიუღებელია და არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია.

„ალბათ, საფუძველი ამას აქვს ეს - როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს და არანაირად არ არგებს“.

ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.