გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კორეის რესპუბლიკაში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025“ დაესწრო.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის ექვსმა კომპანიამ, რაც ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებსა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაციისთვის.
საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, რომელიც დღეს უკვე თანამედროვე და განვითარებული მეღვინეობის ინდუსტრიით გამოირჩევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ალტერნატიული მიმართულებების მოძიება. საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურობისა და სტაბილური პარტნიორების პოვნის პროცესში, სახელმწიფო მუდმივად მხარს უჭერს კერძო სექტორს. სეულში ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ კორეის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა“,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
გამოფენას ასევე ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა.
„Seoul International Wine & Spirits Expo“ თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით აზიის რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით ტარდება. ქართული ღვინის მწარმოებელთა შეფასებით, სამხრეთ კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, წარმოადგენს ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზარს ქართული ღვინისთვის, სადაც იზრდება ინტერესი როგორც წითელი, ისე ქვევრის ღვინოების მიმართ. ქართულ ღვინოს „Seoul International Wine & Spirits Expo“-ზე პირველად 2015 წელს ჰქონდა წარდგენა.
გამოფენის ფარგლებში, სეულში გაიმართა ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა - ღვინის მასტერკლასს, დეგუსტაციას და „ქართული ღვინის ფესტივალს“, რომლის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამება.
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მეღვინეობის ინდუსტრიისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იყო კორეის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები, ასევე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით ახალი, ერთობლივი პროექტების დაწყების პერსპექტივა.
2024 წლის მონაცემებით, კორეის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია დაახლოებით 72,500 ლიტრი ღვინო, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით ზრდას წარმოადგენს. ზრდის ტემპი შენარჩუნებულია 2025 წელსაც, წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ დაახლოებით 32,000 ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 52%-ით აღემატება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს