„რეალურად, თვეების განმავლობაში მიდის ამაზე ლაპარაკი, გადის რუსეთი ამ შეთანხმებიდან თუ არა. ჩემი და არამარტო ჩემი, არამედ ანალიტიკოსთა ნაწილის აზრითაც, ამ ხნის მანძილზე მსოფლიო მოემზადა ალტერნატიული გზებისთვის, ე.წ. „გეგმა ბ“ არსებობდა, რომლის განხორციელება მარტო ქაღალდზე კი არ იყო, არამედ რეალურად არსებობდა. ერთ-ერთი იყო მდინარე დუნაიზე გადაზიდვები, ასევე რუმინეთის პორტებამდე მიმსასვლელი გზა და კიდევ რამდენიმე საშუალება, რომლებიც ალტერნატიულ გზებად ითვლება“ - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა.
მისი თქმით, არც ისე ცუდი მდგომარეობაა ფასთან მიმართებაში მსოფლიოში, რადგან მოსავალი საკმაოდ მაღალია. „მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის დაბრუნებას მარცვლეულის შეთანხმებაში. რუსეთი ათი თვის წინაც გავიდა ამ შეთანხმებიდან, მაგრამ მაშინ თურქეთმა მაინც გამოიყვანა გემები უკრაინის პორტებიდან. როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ეს საქმე უმისოდაც კეთდებოდა, დაუბრუნდა ამ შეთანხმებას. ახლაც, ზელენსკიმ მიმართა ერდოღანს, რომ რუსეთის გარეშე გაეგრძელებინათ გარიგება, ამიტომ დიდი ალბათობით შეთანხმება გაგრძელდება და ამიტომ ბირჟებზე ფასებმა კვლავ დაიკლო.
დიდ როლს თამაშობს ის, რომ რუსეთს შარშანაც და წელსაც კარგი მოსავალი ჰქონდა, ამიტომ მათი მოტივაციაც არის, რომ მოსავალი გაიყიდოს.
არის იმისი მოლოდინიც, რომ რუსეთი, როგორც ამას ხშირად აკეთებს ხოლმე, არაორდინალურად, არალოგიკურად მოიქცევა. არ გამოიტანოს ეს ხორბალი, მაგრამ მაინც მგონია, რომ 50/50-ზეა გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
როგორც „ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, დიდი ალბათობით ფასების მხრივ სტაბილიზაცია მთელს მსოფლიოში იქნება.
„რაც შეეხება იმ მოტივს, რომ მოწყვლადი ქვეყნებისთვის პრობლემა შეიქმნება, აქ წინ არის წამოწეული პოლიტიკური ფაქტორები. ჩემი ვარაუდით, ეს შეთანხმება მაინც გაგრძელდება, იმიტომ, რომ რუსეთსაც დათქმა აქვს, რომ ისინი დაუბრუნდებიან შეთანხმებას თუ გარკვეულწილად დადებით სიგნალებს იგრძნობენ და ეს სიგნალები შეიძლება იყოს რუსეთ-თურქეთს შორის მოლაპარაკებები, რომ თურქეთმა მერე ეს ხორბალი სხვა ქვეყნებს მიაწოდოს, ხოლო უკრაინა თურქეთს ცალკე დაუკავშირდეს. ბევრი მოდიფიკაცია შეიძლება იყოს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე".