ACTR-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების შემთხვევაში, მოსახლეობა პირველ რიგში HORECA სექტორს განიხილავს ხარჯების შემცირების სამიზნედ.
კვლევის შედეგების მიხედვით: მოსახლეობის 30% ხარჯების დაზოგვას გეგმავს მოგზაურობასა და დასვენებაზე, ხოლო 29% გართობის მიმართულებით.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე HORECA ბიზნესს მომხმარებელთა კლების ყველაზე მაღალი რისკი აქვს.
ACTR-ის კვლევაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება. ამას კვლევის შედეგები ადასტურებს. ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში, სავარაუდოდ, თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე.
ACTR-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკური არასტაბილურობის გადალახვას პროფესიული განვითარებით შეეცდება. გამოკითხულთა 40% ხარჯვას განათლების მიმართულებით განიხილავს, რაც შესაძლოა აღქმული იყოს როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას.
,,აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში, მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.’’- ნათქვამია კვლევაში.
ACTR-ში აცხადებენ, რომ ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა: მოგზაურობა, დასვენება, გართობა, ნაკლებად პრიორიტეტული ხდება.