რა მდგომარეობაა ხორბლისა და ფქვილის სექტორში, რა გავლენა მოახდინა რუსულ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ დარგის მუშაობაზე და როგორ მიდის კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეხორბლეებს შორის - სექტორში არსებულ ვითარებაზე „კომერსანტის“ ეთერში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ხორბლის ჩაბარება თვითღირებულების ფასადაც ვერ ხერხდება, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ ფერმერებმა კრედიტების გადახდა ვერ შეძლონ და საქმიანობა და მარცვლეულის თესვა საერთოდ შეწყვიტონ.
„ჯერჯერობით ძველი ხორბლის 10%-ია გაყიდული და 90% არის დარჩენილი. ამას დაემატა ახალი მოსავალი, რომელიც უკვე 20-30% აღებულია, ხორბალი თვითღირებულების ფასადაც კი არ იყიდება. პრემიერ-მინისტრის ბრძანება არ სრულდება, თუ სრულდება ნაწილობრივ და ეს აისახება ფერმერებზე. მარცვლეული იყიდება 40-45 თეთრად. წისქვილ-კომპინატები არ და ვერ ყიდულობენ ამ ფასად. დაბალ ფასიანი ხორბლისგან დამზადებული ფქვილი ისევ დაბალ ფასად მიედინება. შარშანდელი თვითღირებულება 70 თეთრი წელს კიდევ უფრო გაძვირებულია და 80 თეთრს სცდება, ამ ფასებშიც კი ვერ ხდება რეალიზაცია და ფერმერები არიან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში. საშიშროება დგება რომ შემდგომში ვეღარ დათესონ მარცვლეული.
ფქვილის შემოტანა გრძელდება ქვეყანაში, რუსეთში კიდევ დაიწია ფასმა და მისი შემოტანა ისევ უღირთ იმპორტიორებს. რუსეთის მცურავ ბაჟს თუ არ მივაყოლეთ საპირწონედ რამე პროცედურა ან დაბეგვრა, არსებულ საიმპორტო გადასახადს ეფექტი არ ექნება. სხვა ქვეყნებში ვერ ყიდის, ყველაზე ახლოს ჩვენ ვართ და მოდის უკონტროლოდ ყველანაირ ფასად “- განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ. მისი თქმით, ამ საკითხს მეტი ჩართულობა და სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინება სჭირდება.