საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორთა 99%-მა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, საჭირო რეფორმა და მისი განხორციელება აუცილებელია. ამის შესახებ მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტების რექტორების მსგავსად, რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულობის სრული მზაობა გამოთქვეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმაც.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კონცეფციის საზოგადოებისთვის წარდგენის დღიდან დოკუმენტი საჯაროდ არის გამოქვეყნებული და მასზე ხელი მიუწვდება ყველა დაინტერესებულ პირს.
„დოკუმენტის გასაჯაროებასთან ერთად, ჩვენ გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, სადაც სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში დეტალურად განვიხილავდით კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულ შეხვედრაზე რექტორთა ყველა შეკითხვას გაეცა არგუმენტირებული პასუხი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მიქანაძემ რეფორმის განხორციელების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
„შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე, ეროვნული გამოცდების კონტექსტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონცეფციის დოკუმენტის საფუძველზე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ეტაპი განხორციელდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვამზადეთ კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. მიმდინარე კვირას, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, დაჩქარებული წესით განხილვისა და დამტკიცების მიზნით ცვლილებების პაკეტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც, თავის მხრივ, მომავალ სასესიო კვირას აღნიშნულ ცვლილებებს განიხილავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.