2025 წელს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური კუთხითაც დიდი ცვლილებები დაიგეგმა.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, იმატებს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუმცა ეს დროის ამბავია და ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე ვერ მოხდება. სავარაუდოდ, ამა  რამდენიმე თვეში დასჭირდება და შემდეგ პოლიტიკური სიტუაციაც დამშვიდდება. პარალელურად საინტერესოა, როგორ გადაეწყობა გლობალური ეკონომიკა და რა პროცესები დაიწყება რეგიონული და საერთაშოსირო მიმართულებით. 

ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასასრულებლად 6 თვე ითხოვა. მოლაპარაკებებზე, რომელიც, დიდი ალბათობით, ტრამპის მოსვლის შემდეგ, მალევე დაიწყება, ყველა მხარე საკუთარ მოთხოვნებს დააყენებს. მათ შორის იქნება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა, რის შესახებაც დასავლურ მედიაში აქტიურად იწერება, რაზეც ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს.

„ფაინანშელ თაიმის" ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსნებს დაავალეს გადახედონ ყველა იმ ზომას, რომელიც ჯო ბაიდენმა მიიღო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება აისახოს სანქციების შესაძლო გაუქმება ევროპის კავშირზე.

ბრიუსელი შიშობს, რომ ტრამპმა შესაძლოა, უარი თქვას სანქციების შენარჩუნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბაიდენმა მიიღო ისინი და არ იფიქროს თუ რა გავლენა ექნება ასეთ ნაბიჯებს ევროპელ მოკავშირეებზე. პარალელურად ამ ყველაფერმა შესაძლოა, საერთაშორისო ურთიერთობები და ვაჭრობა თავდაყირა დააყენოს.

ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გამოიყენოს ისინი, როგორც პოტენციური ბერკეტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს.

ფაქტია, რომ უკრაინაში ომის დასრულება ნელ-ნელა ახლოვდება და ამაზე საუბრის დაწყებაც კი კარგი ამბავია. სამწლიანი ომის გაჩერებას გლობალურად მშვიდობის მოტანა შეუძლია, თუმცა საინტერესოა, რა მოხდება ეკონომიკური მიმართულებით, როგორ გადაეწყობა, როგორც გლობალური, ისე რეგინალური ეკონომიკა.

საერთაშორისო კვლევების და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა შენგელიას რაიმე მკვეთრი ცვლილების მოლოდინი არ აქვს. ჯერჯერობით, არ შეიძლება იმ თქმა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება უკეთეს ეკონომიკურსიტუაციას და გარემოს შექმნის.

„ცალსახა არ არის ის ფაქტი, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ უკრაინაში საომარი მოქმედებები დროულად დასრულდება, რადგან მან თავადვე განაცხადა, რომ 6 თვის განმავლობაში მოაგვარებდა ამ საკითხს, წინასაარჩევნოდ კი 3 თვეს ასახელებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაძაბულია სიტუაცია ჩინეთი-ტაილანდის მიმართულებითაც. ჩინეთი ბლოკავს იმ პორტებს, სადაც ამერიკის გემები დაცურავენ.

რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას, ახალი სანქციების ფონზე შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. რუსეთის მიმართ ისევ აპირებენ ახალი შეზღუდვების შემოღებას. ევროპასა და ამერიკას შორისაც დაძაბული სიტუაციაა. გრელანდიის საკითხი, დანიის სიტუაცია, გერმანიის არჩევნები. ამიტომ, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით იმას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება უკეთეს ეკონომიკურ სიტუაციას და გარემოს შექმნის. ასე ნამდვილად არ არის.

რუსეთმა შესაძლოა, მის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმება დააყენოს მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები მართლაც მოიხსნება. სხვათა შორის, ამ სანქციების პირობებში, ევროპა უფრო დაზარალდა ეკონომიურად, ვიდრე რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ევროპის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს, რომელიც ძალინ შენელებულია. რუსეთში კი, პირიქით, ქვეყანა რაღაცნაირად გადაეწყო ახალ რელსებზე და მომავალშიც გადაეწყობა, თუმცა მათ აქვთ ინფლაციის საშიშროება", - ამბობს ნიკა შენგელია.

გარდა ამისა, საინტერესოა, ომის დასრულების შემდეგ, შეწყდება თუ არა საქართველოზე წნეხი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დღემდე გრძელდება. აქ იგულისხმება თუნდაც, არაერთი მოწოდება სანქციებთან მიერთებაზე, საქართველოზე იმის დაბრალება, რომ ქვეყანაში „შავი ხვრელები" არსებობს და ა.შ.

ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ საქართველოზე წნეხი არა თუ დასრულდება, არამედ უფრო გაძლიერდება.

„ჩვენზე წნეხი არ მოიხსნებს. პირიქით, ვფიქრობ, გაძლიერდება პოლიტიკური კუთხით", - დასძინა შენგელიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს. იგი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულების შემდეგ საქართველოზე ზეწოლა შემსუბუქდება და რეგიონში ძირითადი მოლაპარაკებები უკვე დაიწყება ეკონომიკური კუთხით.

„პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, როგორც რეგიონში, ისე ევროკავშირის მასშტაბით. ევროპაში რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, ეს იმის მანიშნებელია, რომ პრობლემები არსებობს, რომელიც ომს უკავშირდება. ეს არის პრობლემები საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. აწყობილი ჯაჭვების მსხვრევა მოხდა, რაც ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივი საქონლის მოთხოვნა-მიწოდებას, არამედ იგივე ენერგომატარებლებსაც.

ევროპის ეკონომიკა, ფაქტობრივად, ვერ ვითარდება. მომავალ წლებშიც მათი  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ძალიან დაბალია. რუსეთი ომამდე იყო ევროპისთვის და ამერიკისთვის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პატრიონი ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ამ მასშტაბის სამხედრო დაპირისპირება და ასეთ პირობებში ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა ყოველთვის აშკარაა.

ახლა ყველა მიმართულია ტრამპის ბოლო განცხადებაზე, რომ იგი მაქსიმალურად დაინტერესებულია ომის დასრულებით. 6 თვის ვადაა მისი მხრიდან დასახელებული. რა თქმა უნდა, გარკვეული მოლაპარაკებები წავა, რაღაც პროცესები დაიწყება. ბუნებრივია, მარტივი არ იქნება, რადგან რუსეთს აქვს თავისი ინტერესი, უკრაინას კი - თავისი. ყოველ შემთხვევაში, სურვილი გამოიკვეთა, რომ ომი დასრულდეს.

ტრამპის პოლიტიკა სამშვიდობო სცენარისკენ არის მიმართული, რაც ყველას ხელს აძლევს, მათ შორის, ჩვენც. აქ მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი, არამედ - ეკონომიკურიც. როდესაც ასეთ მასშტაბური ომი მიმდინარეობს, რეგიონის ქვეყნებში ინვესტიციები ყოველთვის შემცირებულია. ჩვენ კი ამ კონფლიქტის ზონაში ვართ, რუსეთი გვესაზღვრება, უკრაინაც არც ისე შორსაა.

საერთოდ, საომარი მოქმედებებით დაინტერესებულ მხარეს აწყობს ომის არეალის გაფართოება. ამას არ უნდა დიდი პოლიტოლოგობა და ბუნებრივია, ყველა ქვეყანა, რომელიც შეიძლება ომში ჩაერთოს, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. საქართველო რომ ლუქსენბურგის ადგილზე იყოს, არ იქნებოდა ასეთი აქტივობა და წნეხი, მაგრამ ჩვენ ხომ ფაქტობრივად კონფლიქტურ რეგიონში ვართ. ჩვენსა და რუსეთს შორის აქტიური ოპერაციები არ მიმდინარეობს, მაგრამ მას საქართველოს  ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ამიტომ ჩვენნაირი სახელმწიფოს გამოყენების მცდელობა გასაკვირი არ არის. მე პირადად მგონია, რომ ომის დასრულების შემდგომ, ეს წნეხი მოიხსნება.

ნაბიჯები თუ მშვიდობისკენ გადაიდგმება, ძირითადი მოლაპარაკებები უკვე დაიწყება ეკონომიკური კუთხით. ერთი-ერთი მიმართულება იქნება უკრაინის აღდგენა, დანგრეული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ყოველ შემთხვევაში, წმინდა საომარი თემატიკიდან აქცენტი ეკონომიკური საკითხებისკენ გადაინაცვლებს. ჩვენ კი გვაქვს მყარი პოზიცია იგივე შუა დარეფნის დატვირთვის გაძლიერების კუთხით ან თუნდაც ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების მხრივ. მშვიდობას აქვს სულ სხვა ეკონომიკური განვითარების პარადიგმა, ვიდრე საომარ მოქმედებებს ან რეგიონალურ კონფლიქტებს", - ამბობს  გიორგი ცუცქირიძე.

წყარო: რეზონანსი