ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა 2 წლით გადავადდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია ნათქვამი.

„2027 წლის პირველ ივლისამდე:

  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ უნდა განხორციელდეს:
  • საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
  • დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
  • აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოების, მონაცემთა ბაზის მართვისა და საბითუმო ბაზარზე ანგარიშსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
  • სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.“

2027 წლის პირველი ივლისიდან საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს:

  • საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
  • საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
  • საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
  • დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
  • გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
  • ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა", - ნათქვამია დადგენილებაში.

ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟის სრულად გახსნა 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა.