ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია იზრდება. თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო 5 წლის იმპორტის მაჩვენებლებს, ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. იმპორტმა მაქსიმუმს მიმდინარე წელს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოში 61,3 მილიონი დოლარის ღირებულების 3 616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა, მაშინ როცა წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 922 ერთეულს შეადგენდა, შესაბამისად, ზრდა 80%-ზე მეტია.
საქართველოში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ბაზრიდან საქართველოში 38,8 მილიონი დოლარის ღირებულების 2 665 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. თუმცა, ბოლო 2-3 წელია ბაზარზე თავს იმკვიდრებს ჩინური ელექტრომობილებიც. აშშ-ს შემდეგ საიმპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთს მეორე ადგილი უჭირავს. წელს 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 9,6 მლნ დოლარის ღირებულების 423 ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტის იმპორტი განხორციელდა.
წელს, იმპორტირებული ელექტროძრავიანი ტრანსპორტიდან 3300 არის მსუბუქი ავტომობილი, ჯიპი ან სედანი, რაც წინა წელთან შედარებით დიდი ზრდაა. წინა წელს მთლიანი წლის განმავლობაში იმპორტი იყო დაახლოებით 4 300, პირველი კვარტალის მონაცემები უკვე თითქმის დაეწია ამ რიცხვს.
"წლის ბოლომდე ასეთი ტემპი რომ დავიჭიროთ, გამოვა რომ წლის ბოლოს დაახლოებით გვექნება 8 000 ელექტრომობილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ელექტრომობილები, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს, მაგრამ წლების განმავლობაში რაც ამ ბიზნესში ვართ სანატრელი იყო რომ 10 000-მდე ასულიყო ელექტრომობილების რაოდენობა.
ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჩინური ელექტრომობილების პოპულარიზაცია, ბევრი ავტოდილერი, ფიზიკური თუ იურიდიული პირი გაჩნდა, რომელთაც ჩინეთიდან ჩამოჰყავთ ელექტრომობილები. სტატისტიკას რომ შევხედოთ, პირველ ადგილზე მაინც არის "ტესლას" ბრენდის ავტომობილები. სწორედ ამან გამოიწვია ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა. "ტესლას" მეორადი ავტომობილები საკმაოდ მალე იაფდება და ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის, რადგან ძირითადად მეორადი ავტომობილების ქვეყანა ვართ. წელს, საქართველოში უკვე შემოსულია 1000-ზე მეტი "ტესლას" ბრენდის ელექტრომობილი. მეორადი, დაზიანებული ავტომობილის ფასი სამჯერ იაფია ახალთან შედარებით.
ჩინურ BYD-ის ავტომობილებზეც მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. წელს პირველ ნახევარში 100-მდე ამ ბრენდის ელექტრომობილია შემოსული ბაზარზე, მაშინ როცა წინა წელს სულ 130 იყო", - განაცხადა E-space-ის დირექტორმა დავით იოსავამ.
მისივე თქმით, ბაზრის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მაღალტექნოლოგიური მანქანების ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაცაა.
"აქამდე სწრაფი დამტენების ინფრასტრუქტურა ამდენი არ იყო და მომხმარებლებს გადაადგილება უჭირდათ. დამტენები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაემატა. ყველა დამტენი არის სწრაფი, დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში მუხტავს 20-80%-მდე ყველა მანქანას და რიგები აღარ არსებობს“,- აღნიშნა დავით იოსავამ.