GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატება გარდაუვალი იყო.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას მაია მელიქიძე აცხადებს, რომ საქართველო ენერგო დეფიციტურ ქვეყნად ჩამოყალიბდა. ამასთან ერთად, სავალალო მდგომარეობაშია გადამცემი ქსელები და აუცილებელია ინფრასტრუქტურის გამოცვლა.
„ტარიფის დათვლა ხდება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც 2014 წელს არის მიღებული. შესაბამისად, მას შემდეგ ტარიფის დადგენა არის ძალიან სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი. 2023 წლის დეკემბერში ტარიფმა დაახლოებით 3 თეთრით დაიკლო, ახლა კი მომატება გარდაუვალი იყო. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოვყალიბდით ენერგო დეფიციტურ ქვეყნად. რეალურად, გენერაციის ობიექტები ვერ შენდება ძალიან სწრაფი ტემპით და შესაბამისად, ვერ ხდება მათი ექსპლუატაციაში შესვლა. ამდენად, ქვეყანა იძულებულია, იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან მოახდინოს. რეალურად, მიმდინარე წლის იანვარში საქართველო მართლა კინაღამ სრულად ჩაქრა. იძულებული ვიყავით, ძალიან დიდი დოზით შემოგვეტანა ელექტროენერგია იმ ქვეყნიდანაც კი, სადაც ზოგადად, ელექტროენერგიის ექსპორტს ვახდენდით, ვგულისხმობ თურქეთს, რომელმაც ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და ატომური ელექტროსადგური ააშენა, იბრძვის იმისთვის, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს.
ასევე, ერთი მხრივ, იზრდება მოხმარება, მეორე მხრივ კი გადამცემი ქსელები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურის გამოცვლა“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯია, ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟა გაჩნდეს, სადაც ტარიფის დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე მოხდება.
„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკული ბირჟა, ეს უკვე აუცილებელიც არის, რადგან თუ დღეს ტარიფს ადგენს სემეკი ძალიან ობიექტურად და სამართლიანად, ტარიფს უკვე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ბირჟა დაადგენს. ასე არის ცივილურ სამყაროში და ინვესტორს გაცილებით უფრო მაღალი აქვს ნდობის მაჩვენებელი, რადგან ეს არის გამჭვირვალე და კონკურენციაზე დაყრდნობილი ურთიერთობა. დიდი იმედი გვაქვს, 2027 წლის 1-ელი ივლისი ის თარიღი აღმოჩნდება, როცა უზრუნველყოფილი იქნება ბირჟის გახსნა იმ სტანდარტების დაკმაყოფილებით, რომელიც დადგენილებაში უკვე გაწერილია. მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტროენერგია იყოს პროდუქტი, რომლით ვაჭრობაც შესაძლებელი იქნება ბირჟაზე“, - აღნიშნავს მაია მელიქიძე.