საქართველოში უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემცირების ძირითადი განმაპირობებლი ფაქტორი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ზაფხულის სეზონზე დასაქმების მატება და მიგრაციაა. 

შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობის შემცირების ტენდენცია არა მხოლოდ წლიდან წლამდეა შესამჩნევი, არამედ მაჩვენებელი უკვე თვიდან თვემდეც კი იკლებს. "საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში უმუშევრობა 1.8%-ით - 13.8%-მდე შემცირდა.

2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 31.2 ათასით (3.3%) - 974.4 ათასამდე გაიზარდა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 26.4 ათასით (10.5%) და 225.7 ათასი შეადგინა.

2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2%-ით 69.2%-მდე გაიზარდა.

2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5%-ით.

ეკონომისტებმა უმუშევრობის შემცირების მიზეზებზე ისაუბრეს და როგორც მათგან გაირკვა, კლების ტენდენცია, პირველ რიგში, მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება და აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში დასაქმებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც პირდაპირ ცვლის სტატისტიკურ მონაცემებს.

"რა თქმა უნდა, უმუშვევრობის დონე შემცირდა და ეს მნიშვნელოვანია. საქართველოს ცალკეულ სექტორში გაზრდილია სამუშაო ადგილების და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, აქტიურია მშენებლობის დარგი. დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა ტურიზმის სექტორში. უმუშევრობის შემცირება იმ სხვადასხვა დარგის პროგრესმა განაპირობა, სადაც ჩვენ გვაქვს გარკვეული წინსვლა.

გარდა ამისა, სახელმწიფომ გამოყო სახსრები, რომ ახალგაზრდების დასაქმებისთვის ხელი შეეწყო და სხვადასხვა სისტემაში დააფინანსა კიდეც რამდენიმე თვის განმავლობაში სამუშაო ადგილები.

ეკონომიკური ზრდა არის სწორედ უმუშევრობის დონის კორექტირების მთავარი წყარო. ეს არის ყველაზე მთავარი და ზოგადი მიზეზი. ეკონომიკა იზრდება სწრაფი ტემპით და ბუნებრივია, სამუშაო ადგილებიც მატულობს.

უმუშევრობის კლებაზე გარკვეულწილად მიგრაციაც მოქმედებს. როდესაც შრომისუნარიანი ადამიანები საქართველოდან მიდიან და უცხო ქვეყანაში საქმდებიან, ეს რა თქმა უნდა, მოქმედებს საერთო მაჩვენებელზე. ჩვენ უნდა ვნახოთ სამუშაო ადგილების რაოდენობა, სადაც მატება გვაქვს. მიგრაციას ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი ეფექტი”, - განაცხადა  ავთო სილაგაძემ.

უმუშევრობის შემცირება ზაფხულის სეზონზე სამუშაო ადგილების გაჩენემაც განაპირობა. ამ პერიოდში განაკუთრებით აქტიური იყო ტურიზმის მიმართულება. სწორედ ეს გარემოება დაასახელა პროფესორმა პაატა აროშიძემ ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად.

"სამი კვარტლის პერიოდში შედის სეზონური დასაქმებაც. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში დასაქმების სტატისტიკა, ძირითადად, მაინც სეზონური მაჩვენებლის მიხედვით იცვლება. აქ გათვალისწინებულია ზაფხულის პერიოდში დასაქმებული მუშახელის რაოდენობა. მაშინ, როცა ქვეყანა ორიენტირებულია ტურიზმზე, სასტუმრეობს, კაფე-ბარებს და რესტორნებს უფრო მეტი მუშახელი სჭირდებათ, ვიდრე სეზონის სხვა პერიოდში, ამიტომ ეს მონაცემები ასახულია უმუშევრობის შემცირების დონეში და ამან თავისი როლი შეასრულა.

საერთაშორისოდ აპრობირებულია ის მეთოლოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ხდება საქართველოში უმუშევრობის სტატისტიკის დათვლა. ამ მონაცემებში ასევე მოიაზრება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და ადგილობრვ თვითმმართველობებში დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანებიც. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მთავარია, უმუშევრობის კლება რამდენად აისახა მოსახლეობის შემოსავალზე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ისეთი ტემპით არ იზრდება, როგორი ტემპითაც მცირდება უმუშევრობა.

გარდა ამისა, საქართველოში მაღალი მიგრაცია გვაქვს და ეს ფაქტორიც მოქმედებს უმუშევრობაზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ მიერ გადმორიცხულ თანხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ემიგრაციაში წასული ქართველების უმეტესობა დასაქმებულია. ვინც ლეგალურად წასულია, ისინი დასაქმებულად ითვლებიან, მაგრამ არალეგალიც ბევრია და მათი აღრიცხვა საკმაოდ რთულია. ფაქტია, რომ ქართველების უმეტესობა დასაქმებულია უცხოეთში.

როგორც წესი, ერთი მიგრანტი, სულ მცირე, ერთ ან ორ ოჯახს მაინც არჩენს და ეს უარყოფითთან ერთად, დადებითი მომენტიც არის. უარყოფითია ის, რომ სამუშაო ძალა, რომელსაც შეელო საქართველოში შეექმნა მატერიალური დოვლათი, მიდის ქვეყნიდან და სხვაგან ქმნის მას, მაგრამ მეორე მხრივ დადებითია ის, რომ ემიგრანტები საქართველოში, თავიანთ ოჯახებში, ფულს გზავნიან. ყველამ ვიცით, რომ მიგრანტები უცხოეთში უფრო მეტ თანხას შოულობენ, ვიდრე საქართველოში ადგილობრივად დასაქმებაში. ამიტომ ისინი მაინც ქმნიან გარკვეულ სურათს საქართველოს ეკონომიკაში”, - ამბობს პაატა აროშიძე.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ უმუშევრობა სულ უფრო მცირდება. მაგალითად, 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობამ 20.6% შეადგინა, 2022 წელს მისი მაჩვენებელი 17.3%-ზე ჩამოვიდა, ხოლო გასულ 2023 წელს - 16.4%-ზე. უმუშევრობა იკლებდა პანდემიამდელ წლებშიც, თუმცა, კორონავირუსის გამო, მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ შემდგომ წლებში მკვეთრად დაიკლო.

რაც შეეხება მიგრაციას, ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები ამ კუთხით არ ქვეყნდება. წლიური შედეგის მიხედვით კი 2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში გაფინებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შარშან 163 480 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა, 91 896 იმიგრანტი კი ქვეყანაში დაბრუნდა, შესაბამისად, საქართველოს მიგრაციული სალდო -71 584 იყო. ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 2%-ია.

საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის ასეთი დიდი ნეგატიური სალდო არც ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. შედარებისთვის, 2022 წელს ნეგატიური სალდო 46 ათასი იყო, 2021 წელს - 41 ათასი, 2020 წელი კი ერთადერთი წელი იყო, როდესაც საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ჰქონდა (პანდემიის გამო) და ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა ქვეყნიდან გასულთა რიცხვს 23 ათასით გადააჭარბა, თუმცა მთლიანად ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან გრძელვადინ ემიგრაციაში 285 ათასი ადამიანი წავიდა.