„დარგები დარჩებიან განვითარებისა და მომავალი პერსპექტივის გარეშე, რაც მომავალში გამოიწვევს უმუშევრობას და ქვეყნიდან მოსახლეობის გასვლას“, - ამის შესახებ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, საქართველოსთვის DCFTA-ს შეწყვეტის რისკებზე საუბრისას განაცხადა.
'სასურსათო უსაფრთხოების კუთხით კითხვის ნიშნის წინაშე ვდგავართ"
„თუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება ჩვენი პერსპექტივისა და მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. საქართველოში ისედაც ნაკლები სამუშაო ადგილებია და შემდეგში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა. მთელი რიგი მიმართულებები და დარგები დარჩებიან განვითარებისა და მომავალი პერსპექტივის გარეშე, რაც მომავალში გამოიწვევს უმუშევრობას და ქვეყნიდან მოსახლეობის გასვლას, რეალობას რასაც დღეს ვხედავთ კიდევ უფრო გაუარესდება. სინამდვილეში ყველაფერს პირიქით უნდა ვაკეთებდეთ, უნდა განვითარდეს დარგები და მიმართულებები, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ სამსახურის პოვნა.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით დიდი პრობლემებისა და კითხვის ნიშნების წინაშე ვდგავართ, რადგან ადგილობრივი წარმოება ისეთ ცუდ სიტუაციაშია, რომ გვიხდება იმპორტზე დიდი დოზით დამოკიდებულება. საქართველოში კომბოსტო შემოდის ირანიდან და 2 ლარი ღირს, სასაცილოა ეს ამბავი, სატირალი რომ არ იყოს. მოთხოვნა არსებობს, მაგრამ არ არის ადგილობრივი წარმოება, შესაბამისად შემოდის იმპორტზე და მაღალ ფასად იყიდება. აქ არის ძალიან დიდი პრობლემა, როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის,“ - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვას არ გამორიცხავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, ხოლო ვიზალიბერალიზაცია გახმობილ იქნას.