ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის თქმით, ჩინური მხარე საქართველოში ადგილობრივი წარმოების ავტომობილების გაყიდვითაა დაინტერესებული. განსაკუთრებული ინტერესი კი ელექტრო ავტომობილებზეა. ამ მიზნით თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტო დილერები ესწრებოდნენ.
ნონიაძის თქმით, მიუხედავად დიდი ინტერესისა, ჯერ ჩინური ავტომობილების შეფასება რთული საკითხია.
„შიდა ბაზარზე ჩინური ავტომობილების შემოყვანა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, ჯერჯერობით ის რაოდენობა არ არის, რაც საყურადღებო იქნება. პროცენტულად რომ შევხედოთ, პირობითად: შარშან თუ ერთი ავტომობილი იყო შემოყვანილი და წელს ორს შემოვიყვანთ, ეს 100%-იანი ზრდაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩინური ავტომობილები მომხმარებლებს ძალიან კარგად ჯერჯერობით არ გაუცნია. იმპორტის გაზრდა გარკვეული ლოგისტიკური ჯაჭვის შექმნასაც ითხოვს. თითოეული ავტომობილი მომხმარებელმა უნდა გაიცნოს, რამდენად ერგება ჩვენ გარემოს, ხარისხისა და ფასის თანხვედრა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ასევე ინფრასტრუქტურაა- რამდენად გვექნება დასამუხტი სადგურები თუ ელ. სადგურები, რომლითაც მომხმარებლები თავისუფლად ისარგებლებენ“,- ამბობს ნონიაძე.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, ჩინური ავტომობილები სხვა იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით მეტად ბიუჯეტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მას მეორეულის სტატუსი აქვს.
„რომ გითხრათ, რომ სხვა მომწოდებლებთან შედარებით ჩინურ მანქანებზე ფასის მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა და ძალიან დაბალია ფასი, ნამდვილად არა. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ქუჩებში ჩინური ავტომობილები მეტად გამოჩნდეს, უმეტესად მეორეული ავტომობილები მოიაზრება. ჩინელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსულები იყვნენ აქვთ მეორეული ავტომობილები, გარბენი- 0, თუმცა სტატუსი მეორეულის აქვს. პრობლემა ისაა,რომ ისინი გარანტიებს ვერ იძლევიან. სტატუსით ახალი ავტომობილის შემთხვევაში თუ მწარმოებლები გარანტიას იძლევიან, მეორეული ავტომობილის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნულოვანი გარბენი აქვს, გარანტიებს ვერ იძლევიან. სწორედ ამიტომაა, რომ ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები და დილერები ჩამოყვანისგან თავს იკავებენ. გასათვალისწინებელია ასევე ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხიც, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩვენთან ნაკლებია. თუმცა, თუ მოთხოვნა გაჩნდება- მიწოდებაც გაჩნდება“,- აღნიშნა ალექსი ნონიაძემ „კომერსანტის დილასთან“ საუბარში.