ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას შეფასებით, კერძო სექტორში მოლოდინების გაუარესება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელში ჯერ არ გადათარგმნილა.

ამის შესახებ ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თებერვალში დაფიქსირებული 7.7%-იანი ზრდის ფაქტორების კომენტირებისას განაცხადა.

„ეს მონაცემები გვეუბნება, რომ ეკონომიკა ახერხებს შეინარჩუნოს ის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რომელიც გვქონდა გასულ წელს და მოლოდინების გაუარესება, რაც ცალსახად შეინიშნება კერძო სექტორში, მოკლევადიანი ზრდის მაჩვენებელში ჯერ არაა გადათარგმნილი“, - განაცხადა გიორგი პაპავამ და იქვე დასძინა, რომ მისი ვარაუდით, შემდეგ თვეებში ეკონომიკის ზრდის ტემპი „უფრო დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდება“.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის პროგნოზით, 2025 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც „ოცნების“ მთავრობის ოფიციალური პროგნოზია, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დასტაბილურდება პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.

„თუმცა, ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არაფერი მიგვანიშნებს იმისკენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ფიქრობს გარკვეულ დათმობებზე წასვლას და ხალხის აზრის გათვალისწინებას. ვგულისხმობ არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანების ხმას, არამედ ბიზნესის ხმას, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, შეიძლება მასშტაბურად არა, მაგრამ ბიზნესმაც დაიწყო სუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც მას ნამდვილად აქვს.

„ოცნების“ ხელისუფლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ეფუძნება იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიან შედეგებში არ აისახება. მათი მიამიტური დამოკიდებულება შეიძლება იყოს ის, რომ „აი, ამდენი ხანი რასაც ვაკეთებდი, იმავეს ვაკეთებ და ჯერჯერობით, მაღალი ეკონომიკური ზრდა მაქვს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ვრცლად bm.ge - ზე