ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარია და გამარჯვებულს დროებით სარგებლობაში გადაეცემა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით.
აუქციონის ბიჯი 43 800 ლარია.
თანხა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა.
აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება უფლება, სახელი დაარქვას ბათუმის საფეხბურთო სტადიონს და შედეგად, განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდებაც.
პირობის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულის მიერ სტადიონისათვის შერჩეული ახალი სახელი უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენას“. ხოლო საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნესლბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს. ასევე აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების [მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.] ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება.
აქამდე ბათუმის სტადიონს ოფიციალურად „აჭარაბეთ არენა“ ერქვა და 2021 წლის 23 ივლისს იყო გაცემული ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიაზე.
ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ივლისის ბოლოს ეწურება.
სწორედ ამიტომ გამოაცხადეს ახალი ელექტრონული აუქციონი, რომელიც 2026 წლის 16 აპრილს, დღის 3 საათზე დასრულდება.
აუქციონის შედეგების გათვალისწინებით გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულება ძალაში შევა არაუადრეს 2026 წლის 23 ივლისისა და მოქმედი იქნება 5 წლის განმავლობაში.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.