2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბანანის იმპორტი წლიურად 13.7%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, წელს 11-თვეში იმპორტირებულია 39.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 47 476 ტონა ბანანი, რაც ისტორიული მაქსიმუმია (ცნობისთვის, საქსტატზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი). 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი ქვეყანაში 34.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 42 376 ტონა ბანანი შემოვიდა.

რაც შეეხება ფასს, გასულ წელს 1 კგ. ბანანის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 82 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ფასი მცირედით - 83 ცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97.7% ეკვადორიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 5 ძირითადი სავაჭრო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:

  • ეკვადორი - 38.7 მლნ აშშ დოლარის 46 447 ტონა;
  • თურქეთი - 335 ათასი აშშ დოლარის 390 ტონა;
  • აშშ - 173 ათასი აშშ დოლარის 215 ტონა;
  • გერმანია - 118 ათასი აშშ დოლარის 111 ტონა;
  • ეგვიპტე - 105 ათასი აშშ დოლარის 143 ტონა.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“