აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს მილიარდერი ინვესტორი სტივ ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა.

ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია. 

bm.ge-ს ინფორმაციით, ფაინბერგი Cerberus Capital Management-ის ფონდ Cerberus Frontier-ის მეშვეობით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უკვე არაერთი წელია ახორციელებს ინვესტიციებს. ფონდის უმსხვილეს პროექტს საქართველოში მდინარე ბახვისწყალზე "ბახვი 1"-ის 10.9-მეგავატიანი, "ბახვი 2"-ის 11.4-მეგავატიანი და "ბახვი 3"-ის 9.8-მეგავატიანი მცირე ჰესების კასკადის მშენებლობა წარმოადგენს. ამასთანავე, Cerberus Frontier-ის პროექტია ლახამის 16-მეგავატიანი ჰესი.

გარდა ამისა, Cerberus Capital Management-ი ერთ-ერთია იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებით იყო დაინტერესებული.

ორგანიზაცია FactCheck-ის მედიაპროექტ ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მთავრობას და ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასაფინანსებლად 8-პუნქტიან გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ახალი ინვესტორების მოძიება დადგა დღის წესრიგში.

ფაქტ-მეტრის ცნობით, ამ პერიოდში გამოჩენილი ორი პოტენციური ინვესტორიდან ერთ-ერთი Cerberus Capital Management LP იყო, რომელიც მთავრობისგან ინვესტორის მისაღებობის წერილობით დადასტურებას ითხოვდა. თუმცა, ანაკლიის კონსორციუმის ცნობით, დაპირების მიუხედავად, მთავრობამ შესაბამისი წერილი არ მოამზადა, ხოლო 2020 წლის 9 იანვარს კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება მთავრობამ შეწყვეტილად გამოაცხადა.