ჩვენმა თავდაცვის მდივანმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ შევაჩერებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ დაფინანსების პროგრამებს, შევზღუდავთ თავდაცვისა და პოლიტიკურ კონტაქტებს, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დეკემბერში გამოაცხადა და რასაც დღემდე ინარჩუნებს.

„არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ. ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და როდესაც ეს გაუმჯობესება იქნება, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ პროგრამებში ხელახლა ჩართვა“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას, რადგან მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს.

„დღეს ვხედავთ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს ეკონომიკაში ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობთ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია და თავისუფალი ეკონომიკა, გააგრძელოს რეფორმები ამის უზრუნველსაყოფად. ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და საქართველოს შორის. British Airways-ი და EasyJet-ი შეასრულებენ რეისებს საქართველოში მარტის ბოლოდან. ასე რომ, გვსურს საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს და ეკონომიკური რეფორმა იყოს პრიორიტეტი“, - აღნიშნა ელჩმა.

ipn.ge