ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, თუკი ,,საქსტატის" მონაცემით არაფორმალურ ეკონომიკას 12,7% უჭირავს, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 60%-საც აღწევდეს, იმ ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩათვლით, რომლის წილიც, ცალკე აღებული, დაახლოებით 25%-მდე უნდა იყოს. მართალია, ეს არაოფიციალური მაჩვენებელია, თუმცა გამყარებულია სხვადასხვა ეკონომიკური ორგანიზაციების კვლევებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ არაფორმალური ეკონომიკის დონე ქვეყანაში ძალიან მაღალია.

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელის რამაზ გერლიანის ინფორმაციით, დღესდღეობით ეკონომიკური სუბიექტების დიდი ნაწილი არაფორმალურად საქმიანობს და მისი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე ლეგალური ეკონომიკაა.

,,აბსოლუტურად არარეალური მგონია საუბარი, რომ ე.წ. დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 13%-საც ვერ აღწევს. გააჩნია, რას ითვლიან ამის ქვეშ, საქართველოში რეალურად ძალიან მაღალია იმ ეკონომიკის წილი, რომელიც არადაკვირვებად სივრცეშია. კონტრაბანდა, ჩრდილოვანი ეკონომიკა და სხვა, ყველაფერი ერთად შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ეკონომიკაზე, რომლის აღრიცხვაც არ ხდება. ესენი არიან გარემოვაჭრეები, ასევე გლეხების მიერ გამოტანილი პროდუქცია, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება. მათ შორის ონლაინ გაყიდვა, როცა ფიზიკური პირები ინტერნეტით იძენენ პროდუქციას და ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ამაზე არანაირი სტატისტიკური მონაცემი არ მოგვეპოვება. ამას  ნულოვანი, კონტრაბანდული პროდუქციაც ემატება, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია.

რაც მეტად დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია არაფორმალური ეკონომიკის წილი, წარმოუდგენელია, ეს 12,7%-ს არ აღემატებოდეს, ჩვენი გათვლით, შეიძლება 60%-მდეც იყოს", - განაცხადა ეკონომისტმა.

მისი შეფასებით, ასევე მაღალია კონკრეტულად ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი - 25%-მდე და ამ რეალობის შეცვლა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით მიიღწევა.

,,ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელიც შემოსავალს მალავს. ესენი შეიძლება იყვნენ ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები, ძიძები, ფერმერები და სხვა. რეპეტიტორების საქმიანობა რომ განვიხილოთ, აქამდე არაფორმალური იყო მათი შემოსავლები, მაგრამ ამოქმედდა კანონი მათი ანგარშივალდებულების შესახებ, რასაც რეალურად არავინ ასრულებს და  მათი საქმიანობა თავისთავად ჩრდილოვან ეკონომიკაში მოექცა. ამ პროცესს შეიძლება დავუპირისპიროთ ეკონომიკის განვითარება. ელექტრონული ფულის მოძრაობა, ყველაზე მეტად მაინც სოფლის მეურნეობაშია ეს პრობლემა, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. მთავარია, ხალხს შემოსავლები გაუჩნდეს. კონკურენციაში რომ შექმნის პრობლემას, აი, მაშინ უნდა მიიღოს ზომები მთავრობამ, ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, რომ ეკონომიკური საქმიანობის მეტი ნაწილი დაკვირვებად სივრცეში მოექცეს. ძალიან მაღალი გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკა, სადღაც 25%-ს აღწევს, ამას ემატება კონტრაბანდული და არალეგალური საქმიანობები", - განაცხადა  გერლიანმა.

საგადასახადო სფეროს სპეციალისტები არაფორმალური ეკონომიკის მთავარ პრობლემად მაღალ გადასახადებს და ხისტ რეგულაციებს მიიჩნევენ. შესაბამისად, როგორც აუდიტორმა ირაკლი შავიშვილმა აღნიშნა, მდგომარეობის გამოსწორება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყოს.

,,სტატისტიკა რა მონაცემს ემყარება, ვერ გეტყვით. ორი აზრი არ არსებობს, რომ ქვეყანაში გადასახადები უნდა შემცირდეს, რათა ეკონომიკა წინ წავიდეს. ჩვენ,  პირიქით, ვზრდით და ამით ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ვამუხრუჭებთ. ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რაც მერე უამრავ პრობლემას ქმნის.

როცა ბევრ რაღაცას კრძალავ, სხვადასხვა საქმიანობა ხდება უკანონო. ამასაც თავისი განზომილებები აქვს. ვთქვათ, ევროპელისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის საშუალოდ 40 000 დოლარის ფარგლებში და საქართველოში 6-ჯერ ნაკლებია. ამ დროს ორივე მათგანს სჭირდება სიცოცხლისთვის აუცილებელი ხარჯი. ევროპელს 50%-იც რომ წაართვა შემოსავლიდან, ის მაინც გაიტანს თავს და ამიტომ ამას დიდად არ აპროტესტებს, როცა ქართველისთვის 30%-ის ჩამოჭრაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნის ტოლფასია, ეს არის განსხვავება. ჩვენთვის არსებობის საკითხია, მათთვის - არა.

იმისთვის, რომ განვვითარდეთ და წინ წავიწიოთ, საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი და რეგულაციების შერბილება, ამის გარეშე ჩრდილოვანი ეკონომიკა ყოველთვის დიდი თავსატეხი იქნება ქვეყნისთვის და მუდამ ერთ წრეზე მოგვიწევს ტრიალი", - განაცხადა  შავიშვილმა.

დარგის სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა არაეფექტურია. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი დანახარჯია. როგორც ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ აღნიშნა, სახელმწიფოები ამას არ აქცევენ ყურადღებას იმიტომ, რომ მორალურადაც არასწორია, რომ ებრძოლო ასეთი ტიპის ჩრდილოვან ეკონომიკას.

„ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა ხშირად არაეფექტურია, რადგან ბრძოლა ამ ტიპის საქმიანობების მიმართ შესაძლოა, უფრო მეტად ხარჯიანი იყოს, ვიდრე სარგებლის მომტანი. განვითარებულ ქვეყნებშიც კი არალეგალური დასაქმების დონე საკმაოდ მაღალია და ჩრდილოვანი სექტორიც საკმაოდ დიდია. მაგალითად, საქართველოში არის ბაზრები, სადაც მოქალაქეები ყიდიან პროდუქციას და არ იხდიან გადასახადებს. ძალიან რთულია სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ყიდიან საქონელს, დააჯარიმო.

რეპეტიტორი, დამლაგებელი, ტაქსის მძღოლი, მომვლელი, ბინის გამქირავებელი და ა.შ. ყველა ესენი იღებენ შემოსავალს, მაგრამ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. რთულია, რომ რაიმე ზომებს მიმართოს სახელმწიფომ, სრულ კონტროლზე აიყვანოს და აიძულოს ყველა ეკონომიკური სუბიექტი, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს“, - აღნიშნა ეკონომისტმა ,,ბიზნესპრესნიუსთან".

2023 წლის მდგომარეობით, განსაკუთრებით მაღალი დაუკვირვებელი ეკონომიკის ზომა სტუმარ-მასპინძლობის სექტორშია და 48.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე 19%-ით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებია, მესამე ადგილზე კი ხელოვნება, გართობა და დასვენებაა და ის 18.3%-ს შეადგენს.

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა, რაც 2010 წლის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, როდესაც მშპ-ში არაფორმალური ეკონომიკის წილი იგივე, 12.7% იყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წყარო: რეზონანსი