,,ჩვენი ეკონომიკა არ არის ინკლუზიური’’, - ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკას რამაზ გერლიანი. ექსპერტი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქართულ ეკონომიკას თავისუფლება აკლია. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ეკონომიკური პროცესების მიღმა რჩება. რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქე დღეს მომხმარებელია და არა მწარმოებელი.
,,საკუთრება არ არის ფორმირებული და არ არის გაშლილი მოქალაქეებს შორის. შესაბამისად, მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 87% ეკონომიკური პროცესების მიღმა რჩება. ის არ არის მწარმოებლად ქცეული. უფრო მეტად მომხმარებლად არის ქცეული. უდიდესი ნაწილი მათ შორის, დაახლოებით 40%-ზე მეტი არ არის თვითკმარი. ამ პარამეტრების შემდგომ რთულია ისაუბრო, რომ ეკონომიკა არის ეფექტიანი.’’- აცხადებს რამაზ გერლიანი.
ეკონომისტის შეფასებით საქართველოში ცხოვრების დონე და მოსახლეობის შემოსავლების ოდენობა ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს შესაძლოა 50 წელიწადშიც ვერ გაუტოლდეს. რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ ქვეყანას ადამიანები იმიტომ ტოვებენ, რომ ისინი ცხოვრების დონითა და ხარისხით უკმაყოფილო არიან.
,,წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე გეზრდება სოციალური შემწეობის მაძიებელთა რიცხვი და გეზრდება იმათი რიცხვიც, რომლებიც მიდიან უცხოეთში იმიტომ, რომ აქაური პირობები არ აკმაყოფილებთ ფარდობითად. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდეს აქ რიგით მოქალაქეს. სამწუხაროდ, ეს არ მიიღწევა უახლოეს 50 წელიწადშიც. მაგრამ ფარდობითობა ცოტა ახლოს რომ იყოს, მაინც აღარ წავა აქაური მოქალაქე. პირობითად აქაური 1500 ლარის ხელფასი ევროპაში წასული მოქალაქის 2000 ევროდან შემოსავალს უდრის. რადგან იქ სხვა დამატებითი ალტერნატიული ხარჯებია, ფასების დონე სხვა არის და ა.შ. ამას ვგულისხმობ, როდესაც ფარდობითობას ვახსენებ. სამწუხაროდ, ჩვენთან არ გვაქვს მაღალი შემოსავლები. ბიზნეს შემოსავლები თითქმის არ არის. საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. კლება გვაქვს მოგების გადასახადში. კლება გვაქვს დღგ-ში. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ნაწილი მოიკოჭლებს“, - აცხადებს ეკონომისტი ,,კომერსანტთან“ საუბარში.