ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების გადავადება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს.

საქმე ისაა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მოქმედი, გარდამავალი მოდელი 2025 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კი საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ბაზრის მონაწილეების ნაწილმა ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ინფორმაციით, ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტს, RIA-ს ამზადებს. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ეს დოკუმენტი სავარაუდოდ, უფრო ცხადს გახდის, რამდენად მინიმიზებული იქნება ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა რისკები.

მაია მელიქიძის განცხადებით, გენერაციის ობიექტებისთვის მთავარ გამოწვევად ჰიდროლოგიასთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზების გაკეთება და უბალანსობაზე პასუხისმგებლობა რჩება. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან უშუალოდ ვადის გადავადებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა არაა გამორიცხული, არსებული რისკებიდან გამომდინარე, ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების გადავადება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს.

„მთავრობის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 1 ივლისიდან ბირჟა სრულ ფუნქციონირებაში უნდა შევიდეს, რაც პასუხისმგებლობის გაჩენას ითვალისწინებს უბალანსობის ნაწილში. ამ თვალსაზრისით, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვთ. ეს გამოწვევა პროგნოზების გაკეთებას უკავშირდება. ყველა კომპანია მათ შორის, მწარმოებელი და ასევე მომხმარებელი გეგმავს, რა რაოდენობის მოცულობის ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს და მოხმარებას.

ბიზნესის წარმომადგენლები, გენერაციის ობიექტები ხაზგასმით აღნიშნავენ, როდესაც მათ არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ზუსტ პროგნოზებს დადებენ, თუ რა გამომუშავება ექნებათ. თუკი ისინი ბაზარზე შევლენ და მათთვის ბირჟაზე ვაჭრობა უკვე სავალდებულო იქნება, აქ უბალანსობაზე პასუხისმგებლობის საკითხიც ჩაირთვება. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ გარკვეული ხარჯების გაწევა და ჯარიმები მოუწევთ, რადგან ისინი ზუსტ პროგნოზირებას ვერ ახორციელებენ.

მთავრობა ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტს ახორციელებს და უახლოეს მომავალში გვექნება ის მოცემულობა, რომლის ფარგლებიც უკვე კონკრეტულად შევძლებთ იმაზე საუბარს, რამდენად იქნება 2025 წლის 1 ივლისისთვის რისკები მინიმიზებული, რომ სრულყოფილად გაიხსნას ბირჟა. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დღის წესრიგში მისი კიდევ ერთხელ გადადება დადგეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უბალანსობაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა რთული არაა, მაგრამ ეს სერიოზული ფინანსური წნეხი იქნება ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს. ელექტროენერგიის ბირჟის პირველი წლისთვის ვაჭრობა მხოლოდ 20 მიწოდების დღისთვის შედგა.

bm.ge