ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის განაცხადში კიდევ ერთი, უკვე მეორე ცვლილება შევიდა.
კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 28 ივლისის ნაცვლად, 20 სექტემბრამდე გადავადდა.
დაინტერესებული ინვესტორებისგან კვალიფიკაციის შესახებ განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა 19 ივნისს ამოიწურა, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად, არაერთხელ დაუკავშირდა სამინისტროს, თუმცა რომელმა კომპანიებმა წარადგინეს განაცხადები ამ დრომდე უცნობია.
ერთი თვის წინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე რამდენიმე განაცხადია შესული მათ შორის საერთაშორისო კომპანიებისგან. ლევან დავითაშვილის თქმით, იმ ეტაპზე მიღებული განაცხადების შესწავლა მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„არის ინდივიდუალური კომპანიები, კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ შესაბამისობის გარკვეული კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ახლა ამ ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში მონაწილე კომპანიების, გამოცდილების და სხვა კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, - განაცხადა მაშინ ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის ინფორმაციით, ის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს მიიღებს, 51% კი სახელმწიფოს დარჩება. პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს.