თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდისა და სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადის მატების შემდეგ, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ნავთობპროდუქტები იყოს და გადასახადები ამ პროდუქტზე გაიზარდოს.

,,კომერსანტთან’’ საუბარში ფინანსისტი აცხადებს, რომ გადასახადების ზრდა მიზნად ბიუჯეტში ფულის მობილიზებას ისახავს.

,,ეს არის აშკარად ბიუჯეტში ფულის მობილიზების შესაძლებლობა. ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ზრდიან სახელმწიფო ხარჯებს, სახელმწიფოს წილს ეკონომიკაში. ავტორიტარული რეჟიმი ბოლო ბოლო მიდის მაღალ გადასახადებსა და ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვაზე. საშემოსავლო გადასახადის გაზრდა ან მოგების გადასახადის გაზრდა რისკს შეუქმნიდა იმ თვალსაზრისით, რომ თუ მკვეთრად გაზრდი ამ გადასახადებს, მერე მათი ამოღება ხდება სერიოზული პრობლემა. განაკვეთი იზრდება, მაგრამ შემოსავლების მოცულობა შეიძლება შემცირდეს კიდეც, იმიტომ, რომ ადამიანები ამ შემთხვევაში უფრო მეტად თავს არიდებენ გადასახადებს.

აქციზი ისეთი რამეა, ალბათ შემდეგი ცდა ნავთობპროდუქტები იქნება, თუ უკვე არ დააანონსეს, იძულებული ვართ გადავიხადოთ. ვისაც, თამბაქოსთვის თავის დანებება უნდოდა ჯანმრთელობის გამო იმან უკვე დაანება თავი და არა იმიტომ, რომ აქციზი გაიზარდა. იციან, რომ ამ ფულს უფრო ამოიღებენ.’’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მთავრობა თადარიგს იჭერს, რათა ფულის მობილიზება შეძლოს. გიგა ბედინეიშვილი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური პერსპექტივები მკვეთრად გააუარესა.

,,გრანტების დაკარგვა უპირველეს ყოვლისა არის სიგნალი ზოგადად მათთვის, ვინს განიხილავს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას, რომ ინვესტიცია არ გააკეთოს ამ ქვეყანაში. სარეიტინგო სააგენტოებმა გააუარესა რეიტინგი. ისეთი დაბალი და სამარცხვინო რეიტინგი გვაქვს, რაც არასაინვესტიციო რეიტინგად ითვლება. გააუარესეს პერსპექტივა და უარყოფითი პერსპექტივა გვაქვს ახლა. ლარზე წნეხია. ქართული ბანკების აქციების ფასებზე დიდი მერყეობაა. ყველა ნიშანია იმის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები მკვეთრად გაუარესებულია. ამიტომ, თადარიგს იჭერენ.’’- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.