საქართველოს მთავრობამ GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად გა­ნი­საზღვრა არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბერი.

დადგენილების მიხედვით, თიზ-ი ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. №88-ში შეიქმნება და ის 185,530 კვ/მ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით განთავსდება. 

„GIG-ის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფ­­­ლე­ბამოსილებას განახორციელებს შპს „საქართველოს ინდუსტრია“.

GIG-ის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორ­განიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შპს „საქართველოს ინდუსტრიის“ მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. №88-ში „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25958 ბრძანებაში მითითებული:

ა) თიზ-ისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად;

ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;

ბ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

GIG-ის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.