სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასვლამ უკვე დღეს რეალური ზეგავლენა იქონია რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე, რაც შუა დერეფნის საქართველოს სატრანზიტო მონაკვეთზე მყისიერად აისახა, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) ანალიტიკურ მასალაშია საუბარი.
TCRC წერს, რომ არსებული ტვირთები, რომლებიც ამჟამად საქართველოზე გავლით შუა დერეფნით მოძრაობენ, შესწავლილი უნდა იყოს ახალ რეალობაში და გაკეთებული იქნეს დასკვნები – ტვირთები მიმართულებას შეიცვლიან თუ ძველი დერეფნის ჩარჩოებში დარჩებიან.
„კვლევის ძირითადი მიზანი იმ ტვირთების სახეობებისა და მოცულობის დადგენაა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ახალ დერეფანს აირჩევენ და საქართველოზე გამავალ დერეფანს დატოვებენ.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯან-საქართველოს რკინიგზის გავლით, სომხეთის მიმართულებით სხვადასხვა სახეობის ტვირთების გადაზიდვებმა რეგულარული და სტაბილური ხასიათი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ჩართულობით საქართველოს რკინიგზა ფიგურირებს, მისი სატრანზიტო მანძილი ახალ რეალობაში მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ფაქტობრივად საქართველოზე გამავალი საავტომობილო თუ სარკინიგზო დერეფნების დაბალი ფინანსური უკუგების გამოყენების ტოლფასია.
კონკრეტულად, სატრანზიტო გადაზიდვების სქემაში საქართველოს რკინიგზაა ჩართული, კერძოდ, აზერბაიჯან-საქართველოს ბიუკ-კიასიკის სასაზღვრო სარკინიგზო სადგურიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთები ტრანზიტად, უმნიშვნელო 111 კმ სარკინიგზო მანძილის გავლის შემდეგ, სომხეთის დანიშნულებით აგრძელებს მოძრაობას. ასეთ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მოკლე სატრანზიტო მანძილის გავლით რკინიგზის შემოსავლით შემოიფარგლება.
რომელმა ტვირთებმა გადაინაცვლეს საქართველოზე გამავალი სახმელეთო დერეფნებიდან, შემოვლითი აზერბაიჯანის მიმართულებით? რა ეტაპზეა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების სტაბილურად დამკვიდრების პროცესი?
თუ რა სახის ტვირთები და რა სიხშირით ხორციელდება აზერბაიჯანის გავლით გადაზიდვები, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმდინარე წლის მაისის თვეში რამდენიმე მაგალითის მოყვანაც საკმარისი იქნება.

30.04. აზერბაიჯანის ბალაჯარის სადგურიდან აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო სარკინიგზო სადგურის, ბოიუკ-კიასიკის მიმართულებით გაიგზავნა მარცვლეულით დატვირთული 4 ვაგონი, რომლის წონა 279 ტონაა, და სასუქით დატვირთული 3 ვაგონი, რომლის წონა 203 ტონაა.
03.05. რუსეთის წარმოშობის სასუქები ტრანზიტით გაიგზავნა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში. ბალაჯარის სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის მიმართულებით გაიგზავნა სასუქით დატვირთული 8 ვაგონი, რომლის წონა 536 ტონაა.
04.05. სასუქით სავსე ათი ვაგონი აზერბაიჯანის გავლით სომხეთში გაიგზავნა. ბალაჯარის სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის მიმართულებით გაიგზავნა სასუქით დატვირთული 10 ვაგონი, რომლის საერთო წონა 678 ტონაა.
06.05. რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნა 4 სასუქით დატვირთული ვაგონი, რომლის წონა 272 ტონაა, და 6 ვაგონი მარცვლეულით, რომლის წონა 420 ტონაა.
ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრების გახსნის შედეგად, დღეისათვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტად 25000 ტონა მარცვლეული, 2000 ტონა სასუქი და 68 ტონა წიწიბურა გაიგზავნა.
ტრანზიტთან ერთად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი ხორციელდება. დღეისათვის აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტირებულია 8500 ტონა დიზელის საწვავი, 1000 ტონა AI-92 ბენზინი და 3000 ტონა AI-95 ბენზინი.
აღსანიშნავია, რომ სომხეთისათვის განკუთვნილი როგორც ნავთობპროდუქტები, ასევე მარცვლეული და სასუქები, სტაბილურად საქართველოს სახმელეთო დერეფნებით (გრძელი მარშრუტით) და ნავსადგურების გამოყენებით გადაიზიდებოდა.
სადღეისოდ საქართველო ამ ტვირთების გადაზიდვიდან იღებს მხოლოდ 111 კმ სატრანზიტო მანძილის შესაბამის უმნიშვნელო შემოსავალს.
ტვირთნაკადების ერთი კვირის ანალიზიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა – მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს, ახალ რეალობაში საქართველო კარგავს ტვირთნაკადების გატარებიდან ფინანსურ სარგებელს“, - წერს TCRC.