„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების ბაზარზე მაღალი აქტივობის პერიოდი ამჟამად არ ფიქსირდება. მისი თქმით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენამ საინვესტიციო აქტივობა გააღვიძა, თუმცა ახლა მოცემული ციკლის ბოლოს სახეზეა მცირედი შემცირების ტენდენცია.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს შემცირების ტენდენციას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის, ერთი ეკონომიკური მიზეზია, რომ ვიმყოფებით ე.წ. ციკლის ბოლო ფაზაში. უხეშად რომ ვთქვათ, როცა კოვიდი იყო, რა თქმა უნდა, შემცირდა აქტივობა, შემდეგ კი აღდგა ეკონომიკა და საინვესტიციო აქტივობა დაიწყო. ამ კუთხით მაღალი პერიოდი იყო ინვესტიციების, რაც გავიარეთ და ეს ეხება არა მხოლოდ უცხოურს, არამედ უნდა შევხედოთ იმპორტში საინვესტიციო კატეგორიების წილს, კერძო სექტორის მიერ მთლიანად განხორციელებულ ინვესტიციებს. რა თქმა უნდა, ახლა ეს მცირდება. უცხოურ ინვესტიციებს რაც შეეხება, სააქციო კაპიტალის კუთხით, ანუ ახალი რაც არის, ცოტა მეტი ზრდა იყო, შემცირება კი სხვა კატეგორიებზე მოდიოდა, მთლიანობაში, უცხოური ინვესტიციების კუთხით მაღალი აქტივობის პერიოდი ახლა არ არის,“ – აღნიშნა ნადარაიამ "კომერსანტთან" ინტერვიუში.

სააქციო კაპიტალის მიმართულებით ზრდა ისევ ფიქსირდება, თუმცა სხვა კატეგორიებში შემცირება იგრძნობა, რაც საერთო ანგარიშით ინვესტიციების აქტივობის შედარებით დაბალ დონეს აჩვენებს.

ეკონომისტის შეფასებით, ეკონომიკის ზომიერი ზრდა ბუნებრივია და ხშირად სასარგებლოც არის.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ობიექტურად, 5.2 პროცენტიანი ზრდის ტემპი არ არის ცუდი და დაბალი მაჩვენებელი. მეტსაც გეტყვით, ხშირად ისე ხდება, რომ როცა ძალიან მაღალი ზრდის ტემპია, ყოველთვის რისკია, შემდეგ რა იქნება. ამან შემოტრიალება იცის და არაერთი ქვეყნის მაგალითიც გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა უფრო ზომიერი იქნება, რაც ნორმალურია, იმიტომ, რომ ჭარბი ინვესტიციაც არ ვარგა. თუმცა, გააჩნია ერთჯერად პროექტებს, ძალიან დიდი თემაა პორტის თემა, ენერგეტიკა, საამიეროდებიდან უძრავ ქონებაში მსხვილი ინვესტიციები,“ – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.