საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზებზე იმსჯელეს. კომისიის სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ავარიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი საქართველოს ენერგოსისტემის აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოყოფა გახდა.
სემეკის სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10:49 საათზე, საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო და ქვეყანა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა. ამის შემდეგ დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რამაც ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების კასკადური გათიშვები გამოიწვია.
სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ავარიის ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად დასახელდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა.
სემეკის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას წინასწარ უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვისა და ავტომატიკის გადათვლა, რათა შემცირებულიყო აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების რისკი და გაზრდილიყო ენერგოსისტემის საიმედოობა.
კომისიის ინფორმაციით, საკითხი დამატებით ორი მიმართულებით საჭიროებს კვლევას — აზერბაიჯანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზების და საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობის შესწავლის კუთხით.
შეგახსენებთ, 24 და 25 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები რამდენიმე საათის განმავლობაში დაფიქსირდა. მომხდარზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.