რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში დიდი ხანძარი გაჩნდა.

დარტყმები განხორციელდა Wildberries-ის ლოჯისტიკურ კომპლექსზე, რომლის ფართობი 44 000 კვადრატული მეტრია და რომელიც ვოლგოგრადის, ასტრახანის და მეზობელი რეგიონების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრია. ასევე ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის გამო, ხანძარი დაფიქსირდა ვოლგოგრადის სამხრეთით მდებარე საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის სამრეწველო ობიექტში, ასევე ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწყობებში.