Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, 2035 წლისთვის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არსებული 4.7 გიგავატიდან 9 გიგავატამდე გაიზრდება, რაც წინა ათწლეულის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება. აქედან 4.9 გვტ ჰიდრო; 1.5 გვტ ქარის; 1 გვტ მზის, ხოლო 1.6 გვტ თბოსადგური იქნება.

კვლევაში "ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში" ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში დადგმული სიმძლავრის ზრდის მიუხედავად, იმპორტზე დამოკიდებულება უცვლელია გაზრდილი მოთხოვნის და ჰიდრო გენერაციის სეზონურობის გამო. თავის მხრივ იმპორტის ან თბოსადგურების საჭიროებას განაპირობებს მზარდი მოთხოვნა და ჰიდროსადგურების სეზონურობა. არჩევანი იმპორტსა და თბოგენერაციას შორის ძირითადად ფასით კეთდება. Galt & Taggart-ის გათვლით, ზამთრის დეფიციტის შევსება შესაძლებელია რეზერვუარიანი ჰიდრო სადგურებით.

ადგილობრივი მოხმარება საშუალოდ 3%-ით გაიზრდება ყოველწლიურად, რასაც ეკონომიკურ აქტივობასა და ელექტრომობილებისა და ელექტროტექნიკის უფრო ფართო გამოყენებას უკავშირებენ.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ელექტროენერგიის მოხმარების 95% განახლებადი ენერგიის რესურსით დააკმაყოფილოს. მათი საბაზისო სცენარის მიხედვით, ქვეყანა გახდება წმინდა ექსპორტიორი 2028 წლიდან და 2035 წლისთვის მოხმარების 95% განახლებადი ენერგიით დაკმაყოფილდება. პესიმისტური სცენარის მიხედვით კი, საქართველოს იმპორტი თითქმის მთელი წლის განმავლობაში დასჭირდება.

"მოსახლეობის მოხმარება სტაბილურად მზარდია, ხოლო კომერციული სექტორის მოხმარება მერყევია. ელექტროენერგიის ჯამურ მოხმარებაში ადგილობრივი მოსახლეობის წილი 21%-ია, ხოლო ბიზნესის 54%. ბიზნესის მოხმარების უდიდესი ნაწილი შუამავალი მიმწოდებელი კომპანიების (თელმიკო და ეპ ჯორჯია) გავლით ხდება, ხოლო მესამედი პირდაპირ საბითუმო ბაზარზე ვაჭრობს.

ბოლო ათ წელში (2015-2024 წლებში) ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მთავარი წყარო აფხაზეთის რეგიონი და ბიზნესი იყო. ტრადიციულად, ელექტროენერგიის მოხმარება და ეკონომიკის ზრდა მსგავსი დინამიკით ხასიათდებოდა, თუმცა 2022-23 წლებში ეს ტრენდი შეიცვალა. ცვლილება გამოწვეულია საქართველოს ეკონომიკაში ენერგო-ინტენსიური სექტორების შედარებით ნელი ზრდით, ხოლო სერვის-ინდუსტრიების სწრაფი აღმასვლით. ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად საშუალოდ 3%-ით გაიზრდება 2025- 2035 წლებში. მომხმარების ზრდა შეიძლება დაჩქარდეს, თუ საქართველოში დატა ცენტრების მშენებლობა გააქტიურდება. ამ სცენარით, საქართველო 2028 წლიდან წმინდა ექსპორტიორი გახდება. თუმცა, პესიმისტური სცენარით, თუკი ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა შეფერხდა, ქვეყანა კვლავ ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი დარჩება.

რაც შეეხება ექსპორტს, 2022-23 წლებში თურქეთში გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის ხაზის დატვირთულობა საექსპორტო სეზონზე მაქსიმალური იყო. ექსპორტისა და ტრანზიტის მოცულობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია საექსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება," - წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორია, თუმცა ზაფხულში ხორციელდება ექსპორტიც და მთავარი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია.  Galt & Taggart-ის შეფასებით, 2022-23 წლებში რეკორდული ექსპორტი გამოწვეული იყო ადგილობრივი მოხმარების შემცირებით, თბოგენერაციის გაზრდით და თურქეთის ბაზარზე მიმზიდველი ფასებით.