23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ორშაბათს, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაა და ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ ის, რაც მათ სურთ. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება განხილული, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე გამართული მოსამზადებელი მოლაპარაკებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, წევრი სახელმწიფოები სამ საკითხზე იმსჯელებენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის, სანქციების დაწესებისა და უვიზო რეჟიმის საკითხებს განიხილავენ.
„პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება. მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა, ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლის საკითხია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. ორშაბათს უნდა დაველოდოთ და შეგიძლიათ ეს კითხვები ორშაბათს ლუქსემბურგში უმაღლეს წარმომადგენელს/ვიცე-პრეზიდენტს დაუსვათ“, - აღნიშნა ელჩმა.