საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობის დროს ისაუბრა განახლებადი ენერგიების, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სემეკი მიიღებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის შესახებ. 

„ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ნეტო აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეს ნეტო დარიცხვის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. ევროკავშირის შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. 

2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შორის ანგარიშსწორება აღარ მოხდება ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით. ამასთანავე, სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამავე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და გადახდის პირობებს.

2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით, შედეგად, შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურების სქემა, რაც გულისხმობს სისტემისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრის 20%-ის ამოწურვის მიუხედავად, სემეკს აქვს უფლებამოსილება 2027 წლამდე დაუშვას 100 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება.

მისივე თქმით, ასეთი ელექტროსადგური, ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს სემეკის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სისტემის მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად. 

„პროექტის მიხედვით, ბოლო ალტერნატივის ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება შეისყიდოს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, ამასთანავე მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მიუხედავად, თავისუფალი მიმწოდებელი არ შეისყიდის ჭარბ ელექტროენერგიას. რაც შეეხება შესყიდვის ფასს საჯარო მომსახურების ფარგლებში - გამანაწილებელ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილი ფასით, ხოლო თავისუფალი მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს საჯარო შეთავაზებით.საჯარო მომსახურების ფარგლებში - მიწოდების მომსახურების საფასური და ჭარბი ელექტროენერგიის საფასური გაიქვითება ერთმანეთში ყოველთვიურად, ხოლო დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდის მომსახურების საფასურის დასაფარად. თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მხარეებს უფლებამოსილება ექნებათ თავად განსაზღვრონ ანგარიშსწორების პირობები. ორივე სახით მიწოდების ფარგლებში, მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ექნება საშუალება გამოიტანოს საბანკო ანგარიშზე დაგროვილი დადებითი ნაშთი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სემეკის თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხზეც. მისი თქმით, ჯგუფის წევრები შეძლებენ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, თუმცა მიერთების არეალი შეიზღუდება სატრანსფორმატორო ქვეპუნქტით.

„ჯგუფის წევრები შეძლებენ შეთანხმდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშსწორების პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომხმარებელს რომელ მიმწოდებელთან ექნება დადებული მიწოდების ხელშეკრულება. კერძოდ, თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თავისუფალ მიმწოდებელთან, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასსა და ანგარიშსწორების მექანიზმზე, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება საჯარო ვალდებულების მქონე მიმწოდებელთან, გაიქვითება მომსახურების საფასური“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.