რა ფერის უნდა იყოს შენობის სახურავი, როგორი უნდა იყოს სახლის ღობე და რა მასალებით უნდა მოპირკეთდეს ნაგებობა - მთავრობა მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შენობების ფასადების ესთეტიკურ მახასიათებლებს დაადგენს. შესაბამისი მოთხოვნები უკვე მზადაა და მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მშენებლობის ნებართვის აღება.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ინიციატივას იწონებენ და ამბობენ, რომ ამ გზით ერთი მხრივ რეგიონებში არსებული პრობლემები გამოსწორდება, ხოლო მეორე მხრივ ადმინისტრაციული პროცესები ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გამარტივდება.
“ერთი მხრივ როგორც ქვეყნის საბინაო ინფრასტრუქტურის თუ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ესთეტიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს, მეორეს მხრივ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუროკრატიას, ყველა პროექტის ავტორს ეცოდინება, რა უნდა დააკმაყოფილოს. თუ სრულ შესაბამისობაში იქნება, მაშინ მალევე შეძლებს თვითონ მუნიციპალიტეტი დადებითი დასკვნის გამოტანას. თუ ისეთი მასალა მონაწილეობს, რომელიც ეროვნული სტანდარტის კატალოგში არ არის მოცემული, ამ შემთხვევაში გაიგზავნება შესაბამის სამსახურში, რომელიც 10 დღის განმავლობაში განიხილავს და დააბრუნებს პასუხს.”-აცხადებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.
ირაკლი გიორგობიანის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალ ხარისხზე და შენობების იერსახეზე, რადგან არაესთეტიკური შენობა ნაგებობები გარემოს ამახინჯებს. კითხვაზე გააძვირებს თუ არა ახალი მოთხოვნები მშენებლობის პროცესს - გაერთიანებაში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.
ძვირზე არ არის, უბრალოდ ჩვენ რაღაც ნორმებში უნდა ჩავჯდეთ. მე გამიჭირდება ახლა გითხრათ, გაძვირებაზე რამე. ყველაფერი შედარებითია. თუ ახლა ბლოკით ნაშენებ ღობეებზე გვაქვს საუბარი, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ბლოკით ნაშენები ღობე, ესთეტიკური არაა და ჩვენს გარემოსთან არ არის თანხვედრაში. ზოგი ღობეს ბლოკით აშენებს, ზოგი ქვით, ზოგი რკინას იყენებს, ზოგი ხეს. ეს ესთეტიკური არაა. არადა ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ რაც გაგვაჩნია, ეს ჩვენი ბუნებაა რა და ამ ბუნებაში არა ესთეტიკურად განვითარებული ნებისმიერი საცხოვრისი თუ საცხოვრებელი სახლები, რა თქმა უნდა, აკნინებს ამ ყველაფერს.”-ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.