ზამთრის 2025 წლის სეზონს ვხდებით 0 ჯგუფური ჯავშნით, - ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ მეპატრონემ, ეკატერინე გველესიანმა „საქმიან დილაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უპრეცედენტოდ მძიმე მდგომარეობაშია.
„ალბათ, პანდემიის პერიოდს შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა. არამხოლოდ ჩემს სასტუმროს, არამედ სვანეთის სხვა სასტუმროებსა და ქვეყნის მასშტაბითაც ყველა სასტუმროს პრობლემები აქვს. ჩვენს შემთხვევაში ზამთრის ჯავშნები სრულად გაუქმდა. წინა წლებშიც ელექტროენერგიის, გზების პრობლემა იყო, წელს ამ პრობლემების გამო ისედაც განახევრებული ჯავშნები, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე სრულად გაუქმდა“, - განაცხადა გველესიანმა და დასძინა, რომ ზამთრის ჯავშნების არარსებობის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ზაფხულის ჯავშნებიც ნელ-ნელა გაუქმდება, ვინაიდან ვითარების პროგნოზირება რთულია.
„ასეთ შემთხვევაში ტურისტული კომპანიები ერიდებიან ხოლმე ჯავშნების გაკეთებას“, - აღნიშნა გველესიანმა.
გარდა ამისა, სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო წლებში პრობლემაა ისიც, რომ შეცვლილია ტურისტის სეგმენტი და ქვეყანაში დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოდიან, რაც მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახება.
"ტურიზმის ეროვნული სტრატეგია შეიცვალა ისე, რომ ჩვენთვის არც იყო ამის შესახებ ცნობილი და უცებ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ მანამდე, წლების წინ რადგან ბიზნესი წამოვიწყეთ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე გათვლით ევროპის ქვეყნებიდან და რამდენიმე წელი ასეც ვმუშაობდით, უცებ აღმოჩნდა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეს სეგმენტი მთლიანად ჩანაცვლდა დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტით, რაც ჩვენს შემთხვევაში - სვანეთის შემთხვევაში არ არის მიმზიდველი, ვინაიდან ჩვენთვის არ არის მარტივი დაბალი ფასების შენარჩუნება. ჩვენი რეგიონი დიდი ქალაქებისგან შორს არის. ტრანსპორტირების ხარჯები დიდია, მომწოდებლები შორსაა და მარტივი არაა კონკურენცია გავუწიოთ თბილისთან ახლოს მდებარე კურორტებს“, - აცხადებს გველესიანი.
მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ბიზნესი გაქრება.
„ასე თუ გაგრძელდა, უბრალოდ გავქრებით. ქვეყანაში, რომელშიც მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს მოსახლეობის 2/3-ს, ამ ბიზნესების გაქრობა გამოიწვევს კიდევ უფრო რთულ პრობლემებს, მათ შორის ეტაპობრივად პრობლემები შეექმნება მსხვილ ბიზნესს. შეიძლება მსხვილი ბიზნესი, რადგან უფრო გამძლეა კრიზისულ სიტუაციაში და უფრო მეტი რესურსი აქვთ, ამ ეტაპზე ამას ვერ აღიქვამს და გრძნობს. მაგრამ ეს არის დროის ამბავი და მათაც აუცილებლად შეეხებათ ეს პრობლემები“, - დასძინა „ფალიანის“ დამფუძნებელმა.