2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 235 მილიონი ლარი შეადგინა (შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ჩათვლით).
ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 200 კომპანიის ჯამური ფინანსური შედეგები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მათ მთლიანობაში 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს.
წლების მიხედვით სახელმწიფო საწარმოების მოგება/ზარალი ასეთია:
- 2019 წელს - ზარალი 237 მილიონი ლარი;
- 2020 წელს - ზარალი 1.07 მილიარდი ლარი;
- 2021 წელს - მოგება 537 მილიონი ლარი;
- 2022 წელს - მოგება 1.35 მილიარდი ლარი;
- 2023 წელს - ზარალი 235 მილიონი ლარი.
რაც შეეხება ყველაზე ზარალიან და ყველაზე მომგებიან საწარმოებს, ისინი შემდეგია:
„ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მომზადების მიზნებისთვის 2023 წელს ფინანსური ანგარიშგებები წარმოადგინა 200-მა საწარმომ.
მარაბდა-კარწახის რკინიგზის გარეშეს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 2023 წელს შეადგინა 206 მილიონი ლარი, ხოლო მარაბდა-კარწახის რკინიგზის ჩათვლით ზარალმა შეადგინა 235 მლნ ლარი.
2023 წელს გაცვლითი კურსის ეფექტს არ მოუხდენია არსებითი გავლენა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, საწარმოები კვლავ რჩებიან მოწყვლადები საგარეო ფაქტორების მიმართ. კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი მაქსიმალური ზარალი სახელმწიფო ელექტროსისტემაში 20.9 მილიონი ლარის ოდენობით დაფიქსირდა, თუმცა, ამავე დროსო კომპანიამ 2023 წლის საანგარიშო წელი დახურა 85 მილიონი ლარის წმინდა მოგებით. დაახლოებით ამდენივე ოდენობით - 86.8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა წელი საქართველოს რკინიგზამ, რაც სახელმწიფო საწარმოთა შორის 2023 წელს დაფიქსირებული მაქსიმალური ფინანსური შედეგი იყო,“- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.