ავიაკომპანია Wizz Air ვენაში მდებარე ბაზას დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. როგორც ცნობილია, დახურვა ორ ეტაპად განხორციელდება:
2025 წლის 26 ოქტომბრიდან: ორი თვითმფრინავი გაუქმდება და შეწყდება რეისები ბილბაოსა და ლონდონის გეტვიკის მიმართულებით.
2026 წლის 15 მარტიდან კი: დარჩენილი სამი თვითმფრინავი და ვენის ყველა სხვა მარშრუტი შეწყდება.
კომპანიის განცხადებით, ეს ეტაპობრივი მიდგომა Wizz Air-ს საშუალებას აძლევს, მინიმუმამდე დაიყვანოს მგზავრებისა და პერსონალისთვის შეფერხებები.
რაც შეეხება ვენაში ბაზის დახურვის გადაწყვეტილების მიზეზებს, ავიაკომპანიის განმარტებით, ეს ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ ამ ხარჯებმა Wizz Air-ს გაურთულა ულტრადაბალი ფასის მოდელის შენარჩუნება, რომელიც ხელმისაწვდომი ტარიფების შესათავაზებლად ხარჯების მინიმიზაციაზეა დამოკიდებული. ავსტრიის სახელმწიფო ფრენის გადასახადი კი, რომელიც არ არსებობს მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა: უნგრეთი და სლოვაკეთი, ფინანსურ სირთულეებს კიდევ უფრო ზრდის.
გარდა ამისა, როგორც გაირკვა, Wizz Air ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ძირითად ბაზრებზეა ორიენტირებული, სადაც შემოსავლის თითქმის 2/3-ს გამოიმუშავებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვენის ბაზა, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს ხუთი Airbus A321neo თვითმფრინავით და 20 ქვეყანაში 28 მარშრუტით, ამ პირობებში არამდგრადი გახდა. ვენის ბაზის დახურვით, Wizz Air-ი მიზნად ისახავს თავისი ქსელის გამარტივებას და ისეთ უფრო სიცოცხლისუნარიან ჰაბებზე ფოკუსირებას, როგორიცაა ბრატისლავა და ბუდაპეშტი.
შესაბამისად, გაუქმდება ავიაკომპანია „ვიზეარის“ ქუთაისი-ვენის მიმართულებაც, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ არაა ცნობილი. ამ ეტაპზე, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ქუთაისი-ვენის მიმართულება აქტიურია მომდევნო წლის ოქტომბრის ჩათვლით.