ბოლო პერიოდში ე.წ. დელივერი სერვისის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი აქცია გაიმართა და კურიერები კომპანიებს სხვადასხვა მოთხოვნას უყენებდნენ.
პლატფორმული ბიზნესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი ბიზნეს მოდელი განსხვავებულ სისტემაზეა აწყობილი. ისინი პარტნიორებს მომსახურების ხელშეკრულებას უდებენ, რაც კურიერებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ რამდენი ხანიც უნდათ, როგორი ინტენსივობითაც სურთ და შესაბამისად, ანაზღაურება მიიღონ არა ფიქსირებული, არამედ - მათი მუშაობის ინტენსივობის მიხედვით. გარდა ამისა, მათ არ აქვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ნებისმიერ პირს შეუძლია, საკურიერო სერვისი, თუნდაც, რამდენიმე პლატფორმას ერთდროულად შესთავაზოს.
დღეს, ვოლტის კურიერები მორიგ საპროტესტო შეკრებას გეგმავდნენ, თუმცა, სააკაძის მოედნის მიმდებარედ რამდენიმე კურიერი შეიკრიბა. არ არის ცნობილი, რა მოთხოვნები აქვთ მათ. ბოლო პერიოდში, კურიერები ტარიფების ზრდასა და მანძილის გაზომვის პრობლემებზე საუბრობდნენ.
კომერსანტი შეეცადა, „ვოლტ საქართველოსთან“ დაეზუსტებინა, გრძელდება თუ არა პროტესტი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 1500-მდე კურიერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და არანაირი შეფერხება არ ფიქსირდება. რაც შეეხება პრობლემატურ საკითხებს, ვოლტში ამბობენ, რომ პარტნიორ კურირებთან სისტემატიურად მიმდინარეობს შეხვედრები,მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. სწორედ ამ შეხვედრებზე გადაწყდა Google Map -ის ნაცვლად ძველ OSRM სისტემაზე დაბრუნება.