საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავისა და საცალო ბაზრის კომპანიების კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

საუბარია, საავტომობილო საწვავით მოვაჭრე შპს „რეპსოლსა“ და შპს „იბერკომპანიზე“, რომელიც ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე მოქმედებს.

როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, შპს „იბერკომპანი“ დეპუტატს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის, თუმცა ამჟამად წილის მმართველი და დირექტორი ლევან დიასამიძეა.

რაც შეეხება შპს „რეპსოლს“, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია უჩა ლურსმანაშვილი, ხოლო დირექტორი ზურაბ ნოზაძე.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტო განმარტავს: "ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1 311 160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ შპს „რეპსოლის“ მიერ შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებულ 4 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“.

bpn.ge