უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქართულ სადაზღვევო სექტორს მნიშვნელოვან შემოსავალს არ მოუტანს, - ამის შესახებ დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია არც ისე მცირე შემოსავალზე, მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 100 მილიონ ლარზე მეტი იქნებოდა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარი ყველასთვის გააღოს
„ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში შემოსვლისას ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ ამ პაკეტების გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერ კომპანიას შეეძლება, შესაბამისად დიდი შანსია რომ ტურისტმა იმ ქვეყანაში შეიძინოს დაზღვევა საიდანაც მოემგზავრება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ეს სიახლე ნაკლებად საინტერესოა, მისგან ინდუსტრია მნიშვნელოვან შემოსავალს არ ელოდება. ეს არ არის პატარა ბიზნესი, დაახლოებით 100 მლნ ლარის ბრუნვაა, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა რომ ეს მხოლოდ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიისთვის არ ყოფილიყო და ყველას ჰქონოდა მისი გაცემის საშუალება.
სავარაუდოდ, იქნება ტურისტების ისეთი ნაწილი, რომელსაც დაზღვევა არ ექნება და საზღვარზე დასჭირდება შეძენა, სწორედ ამ სეგმენტზე შეძლებენ ქართული კომპანიები პაკეტის გაყიდვას საზღვარზევე, თუმცა ეს არ იქნება დიდი რაოდენობა და შესაბამისად, ეს ცვლილება ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს ვერ მოუტანს“, - განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება.