როგორ ჩაიარა ზამთრის ტურისტულმა სეზონმა, რა ხელისშემშლელი ფაქტორები იყო და რა არის საჭირო გამოწვევებთან უკეთ გასამკლავებლად -  ამ თემებთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით იყო მოლოდინი, რომ 2018 წლის მაჩვენებელზე დაწევას და გადასწრებას შეძლებდნენ, თუმცა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად უთოვლობა იქცა. როგორც კოკაიამ აღნიშნა, სეზონის უდიდესი ნაწილი ჩავარდა, თუმცა სექტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი მოვლენა ბაკურიანში სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იყო.

 

„ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ბაკურიანს ამდენი უცხოელი დამსვენებელი ჰყავდა,  ჩამოვიდნენ ისეთი  ტურისტებიც, რომლებიც საქართველოს არ იცნობდნენ და ახალი ბაზრის  გახსნის  ძალიან  ბევრი  შესაძლებლობა  გაჩნდა და  ძალიან  კარგი  იქნება, თუ ეს მარკეტინგულად გაგრძელდება. ყველას ინტერესში შედის, რომ ზამთრის კურორტები გახდეს მიმზიდველი და საინტერესო ბაზრებისთვის.  ჩვენ ბაკურიანში 16  ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს  ვუმასპინძლეთ და ყველა კმაყოფილი იყო როგორც სერვისით, ასევე ზოგადად  ბაკურიანით და  ბევრი მათგანისთვის  აღმოჩენა  იყო  საქართველო. ეს ძალიან  კარგი კამპანია იყო,  მთავარია, რომ ეს  აგორებული კამპანია და მარკეტინგული  სვლები რომელიც  უკვე  ჩატარდა  არ გაჩერდეს, იმიტომ რომ  ყოველწლიურად სჭირდება ამას  განახლება და კარგი  იქნება თუ მომავალშიც  დაიგეგმება  მასშტაბური  ღონისძიებები,“ -  აღნიშნა  ერეკლე  კოკაიამ.

 

როდის იხსნება ქვეყანაში ზამთრის სეზონი - კოკაიას თქმით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან დასმულ ამ კითხვას ის ვერ პასუხობს, რადგან სეზონის გახსნა პირდაპირ უკავშირდება ამინდს. როგორც ის ამბობს, კარგი იქნება თუ სექტორი ხელოვნური გათოვლიანების სისტემას აქტიურად  გამოიყენებს და სეზონის  გახანგრძლივებას  შეძლებს.

 

რაც შეხება გაზაფხული-ზაფხულის სეზონს,  კოკაია აღნიშნავს რომ საქართველოში ტურიზმისთვის აქტიურ სეზონად  მაისიდან-სექტემბრის ბოლომდე პერიოდი ითვლება.


„დამტვერვის  პერიოდში  ბაკურიანი ყველაზე მოთხოვნადია  და ველით  რომ წელს მოთხოვნა გაიზრდება, ზოგადად მოსთხოვა ზაფხულში არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალია.

 

დამსვენებელთა სეგმენტი, ჩვენთან ადგილის  მიხედვით განსხვავდება. მაგალითად თბილისის სასტუმროებში ქართველი  დამსვენებლები  იშვიათად  ჩამოდიან,  თუმცა ბაკურიანში დამსვენებლების  უმეტესობაა ქართველები არიან, გუდაურში  ზაფხულში მხოლოდ უცხოელი  დამსვენებლები არიან, „გორი  ინში“, რომელიც ახლა გავხსენით, ვფიქრობთ, რომ უცხოელი დამსვენებლები იქნებიან. ქუთაისშიც მაინც  უცხოელი  დამსვენებელი ჭარბობს,“ -  აღნიშნა  ერეკლე  კოკაიამ.

 

„ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფასებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ  წელს პოსტპანდემიური პერიოდისა და უკრაინაში ომის გამო სტრუქტურა საკმაოდ აირია და ფასებიც დაბალი იყო, წელს კი ერეკლე კოკაიას ფასების შედარებით გაზრდის მოლოდინი აქვს.

 

„შარშანდელთან შედარებით ფასები გაიზრდება, მაგრამ არა იმდენით რა მოლოდინებიც იყო,  მაგალითად თბილისის სასტუმროებზე ფასები ნაკლებად გაიზრდება, იმიტომ რომ კონკურენცია მაღალია და ტურიზმი ჯერ ბოლომდე არ აღმდგარა, ხოლო საკურორტო ზონებში ზრდა შედარებით მაღალი იქნება. საკმაოდ დადებითი მოლოდინები გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჯავშნები მთელი ზაფხულის განმავლობაში გვაქვს მიღებული,“ -  აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.