„ბაზარში გასაყიდად გამოტანილი უეტიკეტო ყველისა და რძის ნაწარმის 95% რძის ფხვნილისგან არის დამზადებული და არა ნედლი რძისგან“, - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „შირაქის“ დამფუძნებელი და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ბენიაიძე „კომერსანტთან“ინტერვიუში ჰყვება.
მისი თქმით, იმპორტირებულ რძის ფხვნილზე დაბალი ფასის გამო, ქართველ ფერმერებს ნედლი და ნატურალური რძის რეალიზაცია უჭირთ. ამ ეტაპზე 1 ლიტრი რძის საშუალო ღირებულება 1.75-1.90 ლარია, თუმცა შეგროვებული რძე ბევრად უფრო იაფი ჯდება.
ბენიაიძე გვიყვება, რომ რძის ფხვნილზე მინიშნება თავად გასაყიდად გამოტანილ რძეს აქვს, თუმცა არა ყველს, ხაჭოს ან სხვა რძის პროდუქტს. ასევე, რესტორნები ხშირად უფრო დაბალი ფასის გამო სწორედ რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქციას ყიდულობენ, ისე, რომ მომხმარებელს ინფორმაციას არ აწვდიან.
„რძის ნაწარმი ისეთი ქვეყნებიდან, სადაც სუბსიდირებულია არაადეკვატურად დაბალ ფასად შემოდის. ეს ნედლ რძეზე მოთხოვნას, რა თქმა უნდა ამცირებს. რძის ფხვნილით გაკეთებულ პროდუქციას არ აქვს მითითებული წარმომავლობა. რძის პაკეტზე შეიძლება იყოს მითითებული წარმომავლობა, მაგრამ ყველის შემთხვევაში, როცა ეტიკეტის გარეშე იყიდება, ის 90-95%-ით ფხვნილისგან არის დამზადებული.
ბოლო პერიოდია, დაბალ ფასად იყიდება ნედლი რძე ფხვნილის ფასიდან გამომდინარე. მთავრობიდან ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.
უდიდესი პრობლემაა, რომ რესტორნები და სახაჭაპურეები ნედლი რძისგან წარმოებულ პროდუქციას არ იღებენ, რადგან ძვირია. ფასში სხვაობა ალბათ, 2-3 ლარია, მაშინ, როცა ერთი ადამიანის გამასპინძლება რესტორანში 50-იდან 100ლარამდე მაინც ჯდება ყველაზე დაბალი მოთხოვნის რესტორანში. ალბათ, გრამზე 50 თეთრით მეტის გადახდა უწევთ, რომ ნორმალური პროდუქტი მიართვან მომხმარებლებს.
თუ რესტორნებში ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტს ყიდულობენ, მხოლოდ მცირე რაოდენობით, რომ საბუთი აიღონ, მერე ბაზარში მიდიან და გაურკვეველი წარმომავლობის საშიშ პროდუქტს ყიდულობენ. პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტი არ აქვს, ჯანმრთელობისთვის სარისკოა“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.